Accessibility links

site logo site logo

კონგრესმენის წერილი გახარიას: საქართველო პირველად განიხილებოდა უარყოფით შუქზე და სიფრთხილით


ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა მარკვეინ მალინმა სოციალურ ქსელში წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას. ღია წერილში კონგრესმენი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებიდან „განგრძობადი გადახვევის“ გამო. წერილში საუბარია ასევე ქვეყანაში „პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის არსებულ გაუარესებულ ეკონომიკურ კლიმატზე“.

„მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ მიაღწია 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ბოლო წლებში დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში განგრძობადი უარყოფითი ტენდენცია გამოვლინდა, რაც აშშ-ში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. შედეგი არის ის, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება, რადგან ამერიკული და ევროპული ინტერესები შევიწროებასა და ექსპროპრიაციის მიზნით, თავდასხმებს დაექვემდებარნენ“, - წერს კონგრესმენი და კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავს. კერძოდ, იგი საუბრობს ნავთობისა და გაზის კომპანია „Frontera Resources”-ზე და „ფეისბუკის“ მიერ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პროსახელისუფლებო გვერდების დაბლოკვაზე.

მალინი წერს, რომ ასეთი გაუარესებული გარემო აისახა იმაზეც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საბიუჯეტო კანონებზე მსჯელობისას საქართველო, პირველად თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, უარყოფით შუქზე და სიფრთხილით განიხილებოდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ ღია წერილში მარკვეინ მალინი ამბობს, რომ უერთდება აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, კონგრესმენებს ადამ კიზინგერსა და გარი კონოლის, რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლება.

"იმ უარყოფითი ტრენდიდან გამომდინარე, რომელიც აღვწერე და ცვლილებების მცდელობების ხელშესაწყობად, იზრდება წუხილი და მოწოდებები სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების შესახებ. მე ვუერთდები ამ რეფორმების შესახებ მოწოდებას და წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარვადგინე საქართველოში "პატიოსანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი", - წერს მალინი.

კონგრესმენი გამოთქვამს იმედს, რომ საქართველო კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. იგი იმედოვნებს ასევე, რომ საქართველოს მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ და იმოქმედებს სწრაფად, რათა უპასუხოს იმ საფრთხეებს, რაც, მისი შეფასებით, ქვეყანაში დემოკრატიასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას უდგას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG