Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანძრის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში


ხელვაჩაურის რაიონის სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად 2 ადამიანი, ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ისინი სავარაუდოდ კვამლისგან გაიგუდნენ. სხეულის დამწვრობით ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს მათი შვილი, 31 წლის კაცი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დამწვარია ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული. შენობაში იმყოფებოდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც დაზიანება არ მიუღია. ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო სამაშველო ბრიგადა და „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენლები. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორი ვახტანგ ბერიშვილი გამორიცხავს ხანძრის ბუნებრივი აირიდან გაჩენის შესაძლებლობას. მისი მტკიცებით, იმ ოთახში, სადაც ცეცხლის კერა იყო, გაზის დანადგარი დამონტაჟებული არ არის.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.

XS
SM
MD
LG