Accessibility links

ბერლინის სამიტის მონაწილეებმა ლიბიის საკითხში შეთანხმებას მიაღწიეს


ბერლინის სამიტის მონაწილეები

ლიბიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად ბერლინში გამართული სამიტის მონაწილეები შეთახმდნენ, რომ დაიცავენ ლიბიისთვის შეიარაღების მიწოდების აკრძალვას.

შეხვედრის მასპინძელმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ამ შეთანხმებას უწოდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი. 19 იანვარს გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ 16 ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათ შორის გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთის და თურქეთის ლიდერები, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და გაეროს ხელმძღვანელები.

ანგელა მერკელის ინფორმაციით, სამიტის მონაწილეები დაეთანხმნენ იმასაც, რომ უნდა შეწყდეს ლიბიაში შეიარაღებული კონფლიქტის მხარეთა მხარდაჭერა. უმაღლესი დონის შეხვედრის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლითაც აღიარეს, რომ ლიბიაში არსებული კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ მოგვარდება.

სამიტის შეჯამებისას ანგელა მერკელმა თქვა, რომ ლიბიაში შეიარაღებული კონფლიქტის მოსაგვარებლად მიღწეულია არსებითი პროგრესი, თუმცა, ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი ხაგრძლივ სამშვიდობო პროცესში.

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის ინფორმაციით, უახლოეს ხანში გაიმართება მოლაპარაკება ლიბიაში ხანგრძლივი ზავის გამოსაცხადებლად. ამ მიზნით შეიქმნება კომისია დაპირისპირებულ მხარეთა ხუთ-ხუთი წარმომადგენლის მონაწილეობით. ეს მხარეები არიან გაეროს მიერ აღიარებული, ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობა ფაიზ სარაჯის ხელმძღვანელობით, რომელიც დედაქალაქ ტრიპოლიდან მართავს ქვეყნის ნაწილს და ქალაქ ტორბუკში დაფუძნებული პარლამენტი და შეიარაღებული მეამბოხეები გენერალ ხალიფა ჰაფტარის მეთაურობით. გენერალ ჰაფტარს ამა თუ იმ ფორმით მხარს უჭერენ რუსეთი, ეგვიპტე და არაბეთის გაერთიანებული საამირო, ხოლო სარაჯის მთავრობას თურქეთი.

ლიბიის ხელისუფლებისთვის შეიარაღებული ბრძოლა 2011 წელს, მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG