Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე: თუ ოპოზიცია ახალ მოდელს არ დათანხმდება, არჩევნები ჩატარდება არსებული სისტემით


პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციისთვის შეთავაზებულ კომპრომისად აფასებს „ქართული ოცნების“ წინადადებას, რომლის თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სისტემით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა 77-დან 100-მდე გაიზრდება, ხოლო მაჟორიტარი დეპუტატების შემცირდება 73-დან 50-მდე.

თალაკვაძემ დღეს, 20 იანვარს მედიას უთხრა, რომ ოპოზიციასთან დიალოგის მომდევნო რაუნდისთვის ემზადებიან: „ბურთი ჯერჯერობით არის ოპოზიციის მოედანზე. მომდევნო რაუნდში ჩვენ ველოდებით უკვე კონკრეტულ განხილვას ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით".

„თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და ამ დიალოგის ფარგლებში ვერ მოხდება შეთანხმება ახალ მოდელთან დაკავშირებით, მაშინ თქვენ ყველამ იცით, რაც მოხდება - მოხდება ის, რომ არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემის ფარგლებში“, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, საარჩევნო საკითხებზე ოპოზიციის და ხელისუფლების მოლაპარაკების გაგრძელების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

წინა შეხვედრაზე, რომელიც 2019 წლის 20 დეკემბერს გაიმართა, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება, თუმცა, მაჟორიტარული მანდატების 50-მდე შემცირება. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს წინადადება მიუღებელია და საპროტესტო აქციები გაგრძელდება. მანამდე ხელისუფლება არ დაეთანხმა ოპოზიციის მიერ შემუშავებულ საარჩევნო სისტემას, რომელიც ე.წ. გერმანულ მოდელს ეფუძნება.

ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG