Accessibility links

სუსი ჩორჩანასთან ხეების წითელი საღებავით მონიშვნის შემთხვევებს სწავლობს


„მიმდინარეობს აღნიშნული მონაკვეთის სრულყოფილი შესწავლა", - უთხრეს სუს-ის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის ტყის მასივის ჩრდილო-დასავლეთით დატოვებულ ახალი ნიშნულების შესახებ.

როგორც სუსი აღნიშნავს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შესაბამისად რეაგირებს უკანონო მონიშვნებისა და შესაძლო ბორდერიზაციის ყველა შემთხვევაზე. მათი განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით მუდმივ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) და საერთაშორისო პარტნიორებს.

პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, ხეების წითელი საღებავით მონიშვნის შემთხვევა წარსულშიც, 2016 წელსაც აღმოაჩინა.

„საკითხის განხილვა მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 72-ე შეხვედრაზე. ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიციის შედეგად აღნიშნული განხილვის ფარგლებში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უარყვეს კავშირი ხეებზე დატანილ მონიშვნებთან დაკავშირებით", - აცხადებს სუსი.

ახალი ნიშნულების შესახებ ინფორმაცია, ფოტოები და რუკა ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ გაავრცელა.

მოძრაობის ცნობით, წითლად მონიშნული ხეები და ყვითელი ბანერი რამდენიმე ციფრით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით 240 მეტრშია. მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ თუ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამ ხაზს საჩხერის რაიონის მიმართულებით გაუყვებიან, ოკუპირებული აღმოჩნდება ათობით ჰექტარი ტყის მასივი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG