Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი ომბუდსმენს: იმდენად ავღელდი, რომ მჭირდება დეესკალაციის ოთახში მოთავსება


„ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც და მოვისმინეთ კიდევ ბევრი იმგვარი რამ, რაც, თუ ხუმრობით დავიწყებდი ჩემს გამოსვლას, იმდენად ავღელდი, რომ ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტში ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშის წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.

თეა წულულიანის განცხადებით, 2020 წლის 19 იანვრის მდგომარეობით, პატიმრობაში იმყოფება 9 ათას 762 პირი, აქედან მსჯავრებულია7 ათას 968, ხოლო დანარჩენი 1800-მდე პირი ბრალდებულია და ელოდება განაჩენს.

მსჯავრდებულთაგან 308 ქალია, 33 არასწრულწლოვანი. 2019 წელს საქართველოს საპატიმროებში გარდაიცვალა 16 პატიმარი. ეს რიცხვი 2010 წელს იყო 144, 2011 წელს - 140, ხოლო 2013-18 წლებში საშუალოდ არ აღემატებოდა 20-ს. შარშან ეს რიცხვი იყო 16.

„ეს რიცხვი არის მინიმალურ ზღვარზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში. შესაბამისად, თუკი ჩვენ ვამბობთ ანგარიშში, რომ პატიმრები არიან ყოველდღიური საფრთხის წინაშე, რატომაა ეს რიცხვი ასეთი დაბალი, ალბათ იმიტომ, რომ თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მუხლჩაუხრელად შრომობენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან სახალხო დამცველს დაწესებულების სახელწოდების წარმოთქმასთან დაკავშირებითაც მისცა შენიშვნა და აღნიშნა, რომ „ამ დაწესებულებას არ ჰქვია პენიტენციალური, ეს არის პენიტენციური დაწესებულება და ამიტომ გთავაზობთ, რომ ტერმინებსაც გადავხედოთ, როდესაც ასეთი ოფიციალური, მაღალი ტრიბუნიდან ვსაუბრობთ“.

ამასთან, თეს წულუკიანმა სახალხო დამცველს საპატიმრო დაწესებულებებში ვიზიტების სიმწირეც შეახსენა.

„თქვენს წინაშეა სახალხო დამცველი, რომელიც მეორე წელი, მესამე წელი დაიწყო, ასრულებს თავის ფუნქციებს, ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის. 2018 წელს ქალბატონი ნინო თავად ბრძანდებოდა საპატიმროში სულ 4-ჯერ, მან სამკურნალო დაწესებულებაში ინახულა 1 პატიმარი, რომლის გვარი და სახელი ფართო საზოგადოებისთვის არაფერს ამბობს. შემდეგ მოინახულა # მე-7 დაწესებულება, როცა ის იყო ცარიელი - გახსნამდე, ანუ პატიმრები არ უნახავს. შემდეგ 2018 წლის აგვისტოში ის ეწვია # მე-9 დაწესებულებაში ბატონ გიორგი მამალაძეს. ოქტომბერში გლდანის დაწესებულებაში მან მოინახულა ბატონი მირზა სუბელიანი. ეს არის სულ 2018 წელს. 2019 წელს ქალბატონ ნინოს ჩვენთან მობრძანების და პატიმებისთვის ხელის ჩამორთმევის რიცხვი არის 0. 2020 წელს გამომდინარე პოლიტიკური აჟიოტაჟიდან, რომელიც მიმდინარეობდა ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ქალბატონმა ნინომ შობის მეორე დღეს მოინახულა გიორგი მამალაძე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. რომელმაც აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნინო ლომჯარია არ დადის საპატიმროებში, მისი მოადგილე ხშირად ამოწმებს დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას, მაგრამ, მისი პირადი მოსაზრებით, როდესაც „პატიმარი დაჟინებით ითხოვს ომბუდსმენთან შეხვედრას, ომბუდსმენი ციხეში პირადად უნდა დადიოდეს“.

მისი სიტყვებით, სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს „პროფესიული მოთხოვნილება, იაროს ციხეში და შეხვდეს პატიმრებს და დასანანია, რომ ეს ასე არ ხდება“.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველისა და იუსტიციის მინისტრების მოსმენა მიმდინარეობს. ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინა. თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამავე პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე მის ხელთ არსებულ ინფორმაციას წარადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG