Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია დავოსში შეხვდა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტებს


EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იურგენ რიგტერინკი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იურგენ რიგტერინკი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შვეიცარიის ქალაქ დავოსში შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პირველ ვიცე-პრეზიდენტ იურგენ რიგტერინკს და ვიცე-პრეზიდენტ ალან პილუს. შეხვედრა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს მოჰყავს იურგენ რიგტერინკის სიტყვები, რომ საქართველო ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის საუკეთესოა და EBRD-ს მოსწონს რეფორმების უწყვეტი მიმდინარეობა: „ძალიან ვამაყობ, რომ 2019 წელი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შედეგების მიხედვით ჩვენთვის საუკეთესო წელი იყო. თითქმის 300 მილიონის კაპიტალდაბანდება მოვახდინეთ და ჯამში დაახლოებით მილიარდიანი საკრედიტო პორტფელი გაგვაჩნია. ამდენად, უნიკალურ მდგომარეობაში ვიმყოფებით და თან ჩვენი ინვესტიციების 70% კერძო სექტორშია ჩადებული“.

გიორგი გახარიას განცხადებით, EBRD საქართველოს განვითარების ძლიერი მხარდამჭერია და მთავრობა შესაბამისად აფასებს მასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობითვე, შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველო EBRD-ის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია და მისი დივერსიფიცირებული პორტფოლიო ენერგეტიკის სექტორიდან სოფლის მეურნეობამდე, ქვეყანას აძლევს განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. ხაზი გაესვა EBRD-ის როლს ეროვნული ენერგოეფექტურობის სტრატეგიის შექმნაში და განსაკუთრებულ წვლილს განათლების სექტორში.

კერძო სექტორის განვითარების ხელშესაწყობად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფუძნებულია ინვესტორთა საბჭო, რომელიც ბიზნესს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის კონსტრუქციული დიალოგის დამოუკიდებელი პლატფორმაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG