Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ მეარაყიშვილი საქართველოს მთავრობაზე: როგორც ბიბილოვისთვის, მათთვისაც მიუღებელი ვარ


თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის მიერ მის მიმართ გამოხატული უყურადღებობის გამო და ამბობს, რომ ისეთივე მიუღებელია მათთვის, როგორც ბიბილოვის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის.

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ თამარ მეარაყიშვილი წერს, რომ არავინ შეხმიანებია საქართველოს მთავრობიდან მას შემდეგ, რაც ცხინვალის ე.წ. უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ მისი საქმის პირველ ინსტანციაში ხელახალი განხილვისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. დე ფაქტო სასამართლოს 17 იანვარს მიღებული ამ გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიიდან მისი გაძევების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.

„დღეს 21 იანვარია. არაერთმა მედიამ დამითმო დრო და ადგილი, ტელევიზიებმა პირდაპირი ეთერით მომცეს საშუალება მესაუბრა ამ საფრთხეზე, გამომეხმაურნენ ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მეკითხებიან - რა შეიძლება გაკეთდეს ამის შესაჩერებლად, მაგრამ დუმს - როგორც მთელი ჩემი დევნის პერიოდი - ხელისუფლება. ამ დუმილში კარგად გამოხატავენ ზიზღს და მიუღებლობას რაც ჩემს მიმართ დაუგროვდათ - როგორც ბიბილოვისთვის, მათთვისაც მიუღებელი ვარ, მათაც დისკომფორტს ვუქმნი მოუგვარებელი პრობლემების გახმოვანებით.
დუმდა ხელისუფლება, როცა გავუჩინარდი, როცა ს/ს საქმეებს წერდა ჩემს წინააღმდეგ ბიბილოვის პროკურატურა, როცა სოციალური ქსელით ვითხოვდი ადვოკატის, ტელეფონის, სასამართლოზე დასასწრებ გზის ხარჯს...
ამის პარალელურად მინისტრი ჩემზე ამბობდა, რომ წლების განმავლობაში გადატანილი სტრესის გამო არაადექვატური გავხდი და ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ძალიან გვეცოდება ასე რომ დაემართა. და ამის პარალელურად თხზავდა ჭორებს და თავადვე ახდენდა ტირაჟირებას ჩემი მარგინალიზაციისთვის. რატომ? არ არსებობს ადამიანი? არ არის პრობლემა“,
- წერს თამარ მეარაყიშვილი. იგი ამბობს, რომ ცოცხალი თავის ბინას და ახალგორს არ დატოვებს და ითხოვს, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რათა მისი დევნა დასრულდეს. „მოვითხოვ, მსოფლიოს ადამიანის უფლებების დამცველმა უმაღლესმა პირებმა გააკეთონ განცხადებები და იცოდნენ, რისთვისაც მსჯიან“, - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ 17 იანვარს გადახედა ცხინვალის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენს, რომლითაც თამარ მეარაყიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს.

მოსამართლეთა კოლეგიამ თამარ მეარაყიშვილს არ მოუხსნა წარდგენილი ბრალდებები, რომელიც ეხება მის მიერ სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობის უკანონოდ მიღებას, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პარალელურად და, აგრეთვე, ამავე გაყალბებული ე.წ. პასპორტის გამოყენებას.

კოლეგიამ მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა ცხინვალის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და სამოქალაქო აქტივისტს ერთი ბრალდება (მმართველი პარტია „ედინაია ოსეტიას“ რეგიონალური განყოფილების მიმართ ცილისწამება) მოუხსნა.

საბოლოოდ, მოსამართლეთა კოლეგიამ მეარაყიშვილის საქმის პირველ ინსტანციაში ხელახალი განხილვისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

16 იანვარს 2 წელი და 6 თვე გავიდა თამარ მეარაყიშვილის მიმართ ბრალის წარდგენიდან. ამ ხნის განმავლობაში მას დარღვეული აქვს გადაადგილების თავისუფლება და ფაქტობრივად შინაპატიმრობაში იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG