Accessibility links

site logo site logo

ლიეტუვის პრეზიდენტმა წუხილი გამოთქვა საკონსტიტუციო ცვლილების ვერმიღების გამო


დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა.

ლიეტუვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდის თანახმად, ნაუსედამ საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილების [რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა] ჩავარდნის გამო წუხილი გამოთქვა.

„ვწუხვართ, რომ შარშან საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსენსუსის მცდელობას პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს შორის და ასევე მიგვაჩნია, რომ გარე ძალებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, გამოიყენონ შეუთანხმებლობა ხელისუფლება და ოპოზიციას შორის, რაც შექმნის არასტაბილურობას საქართველოსა და რეგიონში”, - თქვა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ამ თემის შესახებ საუბარი არ არის.

საქართველოს მთავრობის პრესრელიზში აღნიშნულია: „მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ივნისში ბრიუსელში გაიმართება და შეიმუშავებს ახალ ხედვას აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით. საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, უმაღლესი დონის ვიზიტების დინამიკა, სექტორული თანამშრომლობა, ხალხთაშორისი და კულტურული კავშირები. აღინიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია“. ამავე ცნობით, გიორგი გახარიამ შეხვედრაზე თქვა, რომ ლიეტუვა საქართველოს ახლო მეგობარი და მოკავშირეა.

„ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ თქვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში“, - ამბობს პრემიერი.

გახარია დავოსში 21 იანვარს გაემგზავრა. პრემიერი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG