Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში 9-მდე გაიზარდა ახალი საშიში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი


ჩინეთის ხელისუფალთა ინფორმაციით, ცხრამდე გაიზარდა ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით გარდაცვლილთა რიცხვი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსი დაუდასტურდა კიდევ 100 ადამიანს. 22 იანვრის დილის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 440-ია. მათ შორისაა სულ მცირე 15 ექიმი და ექთანი.

დაავადებულთა უმრავლესობა ჰუბეის პროვინციის მცხოვრებია. დეკემბრის ბოლოდან, ახალი ვირუსის გავრცელება სწორედ ამ პროვინციიდან დაიწყო. საშიში ვირუსით ინფიცირებულები არიან პეკინსა და შანხაიშიც. ჩინეთის ხელისუფლებამ ჰუბეის პროვინციაში მაქსიმალურად შეზღუდა საზოგადოებრივი შეკრებები და მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს მიმართა, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ დაავადების პირველი შემთხვევები გამოვლენილია ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.

სპეციალისტები შიშობენ, რომ ახალი სახეობის ვირუსი შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს მოახლოებული აღმოსავლური ახალი წლის პერიოდში, როცა დღესასწაულის აღსანიშნავად ჩინეთში მილიონობით ადამიანი მოგზაურობს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ახალი კორონავირუსი 2002 წელს გამოვლენილი ვირუსის, SARS-ის ერთ-ერთი სახეობაა. თავის დროზე SARS-იც ჩინეთიდან გავრცელდა, 2002-2003 წლებში პანდემია გამოიწვია და 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG