Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი მოსახლეობას აფრთხილებს, არ ჩავიდნენ ქალაქში, საიდანაც ახალი ვირუსი გავრცელდა


ჩინეთის ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, არ ჩავიდნენ და ასევე არ დატოვონ უჰანი, ქალაქი, რომელიც ახლად გავრცელებული ვირუსის კერაა.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ამბობს, რომ 21 იანვრის მონაცემებით, ახალი რესპირატორული და პოტენციურად ლეტალური ვირუსით 440 ადამიანია დაავადებული 13 პროვინციაში, დაღუპულია ცხრა და უკვე არის მტკიცებულება, რომ ის ადამიანიდან ადამიანზე გადადის.

"მოკლედ, არ წახვიდეთ უჰანში, და ვინც უჰანში ხართ, გთხოვთ, არ დატოვოთ ქალაქი", - თქვა ჟურნალისტებთან საუბარში კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ლი ბინმა, 22 იანვარს. მისი თქმით, უჰანში ასევე აკრძალულია ცხოველების შეყვანა. უჰანი, სადაც ვირუსის შესახებ პირველად გახდა ცნობილი დეკემბერში, მდებარეობს ცენტრალურ ჩინეთში და მისი მოსახლეობა 11 მილიონ ადამიანს უტოლდება.

ლი ბინის თქმით, ბოლო დღეებში ახალი ვირუსით დაავადების კიდევ 149 შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა ჯერჯერობით არ მტკიცდება, რომ პათოგენი "სუპერგამავრცელებლებს" შეიცავს. მაგრამ ახალი ვირუსი ადაპტაციას და მუტაციას განიცდის, რაც ჯანდაცვის მესვეურებს ურთულებს მისი გავრცელების კონტროლს, - აცხადებს ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი.

ერთი დღით ადრე ვირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა აშშ-მა და განაცხადა, რომ ვაშინგტონის შტატის მცხოვრები, რომელიც 15 იანვარს დაბრუნდა ვირუსის გავრცელების ეპიცენტრიდან, სიეტლის საავადმყოფოშია მოთავსებული. საქმე ეხება 30-დან 40 წლამდე მამაკაცს, რომელმაც ექიმებს 19 იანვარს მიაკითხა, თუმცა ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის საავადმყოფოში, იზოლაციაში იმყოფება.

XS
SM
MD
LG