Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩუგოშვილი კონგრესმენების წერილზე: საქართველომ მიიღო დიდი რეპუტაციული ზიანი


თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ 4 ამერიკელი კონგრესმენისგან გამოგზავნილი წერილით საქართველომ, როგორც მინიმუმ დიდი რეპუტაციული ზიანი მიიღო.

დეპუტატის შეფასებით, ეს პროცესი გაგრძელდება და დროთა განმავლობაში გამოჩნდება, „კიდევ რა ზიანი შეიძლება მოგვადგეს ყველას ერთად“. მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის არ აღმოჩნდა დამაჯერებელი მმართველი გუნდის მტკიცება იმის შესახებ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნა შიდა დემოკრატიის შედეგი იყო.

თამარ ჩუგოშვილი ვარაუდობს, რომ კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გამოგზავნილი ბოლო წერილი უფრო მძიმე იქნება, ვიდრე წინა:

"თავდაპირველად, დეკემბერში ორმა კონგრესმენმა, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, გამოგზავნეს წერილი, რომლის პასუხადაც საქართველოს მთავრობამაც გააგზავნა წერილი. გუშინ რაც ვიხილეთ, ეს არის მთავრობის წერილზე გამოგზავნილი პასუხი. იმის მიუხედავად, რომ მისი შინაარსი ჯერ არ ვიცით, მოლოდინი მაქვს, რომ ეს პასუხის პასუხი კიდევ უფრო მძიმეა. ამჯერად წერილის ავტორი აღარ არის მხოლოდ ორი კონგრესმენი. წერილის ავტორებს შორის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ლიდერია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა“, - აღნიშნავს თამარ ჩუგოშვილი. მისი შეფასებით, ცუდადაა საქმე, თუ "ქართული ოცნება" ვერ აცნობიერებს კონგრესის და ამერიკის პოლიტიკური წრეების მნიშვნელობას:

„სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა განცხადებაც რომ წავიკითხოთ, ესეც კარგი იქნება, რადგან მასშიც ბევრი გასათვალისწინებელი რამ წერია,"- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. იგი იმედოვნებს, რომ მთავრობის ადმინისტრაცია გაასაჯაროვებს კონგრესმენების წერილს.

აშშ-ის კონგრესმენმა, რესპუბლიკელმა ადამ კინზიგერმა, რომელიც კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეა, 21 ინვარს "ტვიტერით" გაავრცელა ცნობა, რომ მან და მისმა კოლეგებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისწერეს წერილი, რომელშიც შეშფოთება გამოხატეს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო.

კინზინგერმა და აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მეორე თანათავმჯდომარემ, დემოკრატმა ჯერი კონოლიმ დეკემბერშიც გაუგზავნეს გახარიას ღია წერილი, რომელშიც გამოთქვეს მზარდი შეშფოთება "ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებაზე, უარი თქმულიყო დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე, ისევე, როგორც ძალადობის შესახებ ცნობებზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG