Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ლომჯარია „მატროსოვის ციხეში“ ვანო მერაბიშვილს და ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა


სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში („მატროსოვის ციხეში“) 18:00 საათის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების დახურვიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ.

„დაწესებულებაში ვიზიტისას ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე 2006 წლის 2 მაისის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულს, რომელიც იმ დროისთვის შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის უფროსი იყო. ამასთან, ომბუდსმენმა მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა მსჯავრდებულმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა“, - ნათქვამია ცნობაში.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ტვ პირველს“ არ უთხრა, ციხეში ვის შეხვდა.

„ძალიან მეცინება, არ მჯერა, რომ ამ სიტუაციაში აღმოვჩნდი, კომიკურია ეს ყველაფერი თუ ღიმილით შევხედავთ, თუმცა არც ისე. მე აქ მოვედი და ფაქტია, რომ გარეთ გამოსულს დამხვდა მედიები, ვინ გააფრთხილა და რატომ, შეგიძლიათ, თვითონ გააკეთოთ დასკვნები. არ მგონია, რომ ეს იყოს ნორმალური. სავარაუდოდ, გავრცელდა ამ სისტემიდან, ვინც იცოდა, რომ აქ შემოვედით. დაბნეული ვარ მე თვითონ“, - თქვა ლომჯარიამ.

შეკითხვაზე, რომელ კონკრეტულ პატიმრებზეა საუბარი? იყო თუ არა ეს ირაკლი ოქრუაშვილი, ან ვანო მერაბიშვილი? ლომჯარია პასუხობს: „მე არ მქონია თანხმობა, რომ ამაზე მესაუბრა და არც ვაპირებდი. რამდენიმე პატიმარს შევხვდი, არაფერი კონფიდენციალური ამაში არ არის, რადგან არ მაქვს თანხმობა, ამ საკითხების შესახებ საუბარს არ ვაპირებ“.

ციხეში შესვლამდე ნინო ლომჯარიას შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 21 იანვარს პარლამენტში ისაუბრა: „თქვენს წინაშეა სახალხო დამცველი, რომელიც მესამე წელი დაიწყო, რაც ასრულებს თავის ფუნქციას. ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის“.

მინისტრის თქმით, 2018 წელს ნინო ლომჯარია სულ ოთხჯერ იყო საპატიმროში, გასულ წელს კი საერთოდ არ ყოფილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG