Accessibility links

site logo site logo

პროკურატურა ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს საპროცესოზე უარს ეუბნება


პროკურორი თორნიკე ნადირაძე

პროკურატურა არ არის თანახმა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს. მისმა ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ პროკურატურას შუამდგომლობით რამდენიმე დღის წინ მიმართა.

„ერთმნიშვნელოვნად და ცხადად შემიძლია განვმარტო, რომ ასეთი ტიპის მოლაპარაკებები არ წარმოებს. ბრალდების მხარე არ არის თანახმა აღნიშნულ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით“, - უთხრა დღეს, 24 იანვარს, ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ. მისი განმარტებით, საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად, სულ მცირე, ბრალის აღიარებაა საჭირო.

„გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ჩვენ არ ვაფორმებთ საპროცესო შეთანხმებას, არ აქვს დიდი მნიშვნელობა, გაჟღერდება თუ არ გაჟღერდება მიზეზები“, - განაცხადა გუგა ბარბაქაძის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ. მისი შეფასებით, 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საქმის განხილვისას, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის ვაჟის დაკითხვით ობიექტური საზოგადოება დარწმუნდა, თუ როგორი მტკიცებულებების და როგორი მოწმეების საფუძველზე ცდილობს ბრალდების მხარე, ბარბაქაძის წინააღმდეგ დაამტკიცოს არარსებული დანაშაული.

ადვოკატის თქმით, მოწმემ თქვა, რომ არ დაუნახავს დანა, თუმცა, იცის, რომ ბარბაქაძემ დანა გამოიყენა. „ეს საქმე არის მართლმსაჯულებისათვის ტესტი. ვნახოთ, უზენაესი სასამართლო ჩააბარებს თუ არა აღნიშნულ ტესტს კანონის უზენაესობიდან გამომდინარე“, - განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.

ადვოკატმა და პროკურორმა განცხადებები გააკეთეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც განიხილავს ხორავას ქუჩაზე ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძის და დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი ჯანაშიას საქმეს

პროკურატურამ ჯანაშიას გაუფორმა საპროცესო შეთანხმება, რომლის დეტალები უცნობია. ამ ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა 22 იანვარს, უზენაეს სასამართლოში წინა სხდომის დროს. პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ მაშინ თქვა, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და ბრალდების მხარეს მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით მხარეებს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.

2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განსხვავებით საქალაქო სასამართლოსგან, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ ცნო ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად დავით სარალიძის მკვლელობაში და 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი, 10 წლით და 6 თვით პატიმრობა, დაუმძიმა და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მიხეილ კალანდია, რომელსაც მანამდე მოწმის სტატუსი ჰქონდა.

დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის დეკემბერში მოკლეს არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG