Accessibility links

site logo site logo

ენმ-მა გაასაჯაროვა გახარიას მიერ აშშ-ის სენატიდან დეკემბერში მიღებული წერილი


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა, დღის პირველ ნახევარში გაკეთებული განცხადების კვალდაკვალ, გაასაჯაროვა იმ წერილის შინაარსი, რომელიც 2019 წლის 19 დეკემბრით არის დათარიღებული და რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას უგზავნის აშშ-ის სენატის კომერციის, მეცნიერების და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, როჯერ ვიკერი.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ამ წერილის ასლი. წერილში ყურადღება გამახვილებულია „ქართული ოცნების“ მიერ თავისივე დაპირებაზე ნათქვამ უარზე, დაენერგა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკური დევნის შთაბეჭდილებას ქმნის და „ქართული ოცნების“ მიერ უზენაეს სასამართლოში 14 ისეთი მოსამართლის დანიშვნაზე უვადოდ, რომელთა კვალიფიკაციაზეც სერიოზული კითხვები არსებობდა - რაც, ვიკერის შეფასებით, „კიდევ უფრო მეტად ამცირებს საზოგადოების ნდობას კანონის უზენაესობისადმი“. როჯერ ვიკერი საუბრობს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე, რომლებიც თითქოს პოლიტიკურ ოპონენტებს ციხეში გაგზავნით ემუქრება, რაც, მისი თქმით, „აღრმავებს შეშფოთებას დროით მონაკვეთზე და გარემოებებზე, რომლებიც უკავშირდება სასამართლო საქმეებს ოპოზიციის მნიშვნელოვანი ფიგურების, მაგალითად გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას მიმართ“.

„მაშინ, როცა არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები დრო რჩება, მოვუწოდებ თქვენს მთავრობას სწრაფად იმოქმედოს ისეთი საარჩევნო სისტემის მისაღებად, რომელსაც ექნება ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა და რომელიც ყველასათვის თანაბარ სათამაშო მოედანს შექმნის. თუ ამ საკითხებს ყურადღება არ მიექცევა, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი მზარდმა უნდობლობამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს მომავალი წლის არჩევნების ლეგიტიმურობას და ქვეყნის სასამართლო სისტემას, ფართო გაგებით“ - ვკითხულობთ წერილში.

პრესკონფერენციაზე, რომელზეც წერილის შინაარსი გასაჯაროვდა, სამადაშვილმა ამ წერილის მნიშვნელობაზეც ისაუბრა: „როდესაც სენატის ვაჭრობის კომიტეტის წევრი, ანუ იმ კომიტეტის, რომელმაც, მაგალითად, უნდა განსაზღვროს თავისუფალი ვაჭრობის ბედი საქართველოს და აშშ-ის შორის, მსგავს წერილს წერს, ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს - რომ დღეს, ჩვენი კეთილდღეობის გზაზე, იმ გზაზე, რომელმაც უნდა მოიზიდოს ქვეყანაში მათ შორის ამერიკული ინვესტიციები და უზრუნველყოს ჩვენს ქვეყანაში განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და ასე შემდეგ, მთავარ წინაღობად გვესახება სწორედ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება და მათი მცდელობა, რომ დემოკრატიული მხარდაჭერის დაკარგვის მიუხედავად, შეინარჩუნონ ქვეყანაში ძალაუფლება ნებისმიერ ფასად“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG