Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდა თოლორაია: „მწვანე სკოლაში“ დაირღვა არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემები


ლონდა თოლორაია, სახელმწიფო ინსპექტორი

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ამბობს, რომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ „მწვანე სკოლის“ მხრიდან დარღვეული იყო მოსწავლეთა პერსონალური მონაცემები.

„ჩვენ ეს ფაქტი შევისწავლეთ და „მწვანე სკოლაში“ დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას და ეს გადაწყვეტილება უკვე მათთვის არის ცნობილი“, - უთხრა ჟურნალისტებს ლონდა თოლორაიამ. მან არასრულწლოვნის გარდაცვალების საქმის დეტალებზე არ ისაუბრა და მხოლოდ ის თქვა, რომ გარდაცვლილის დედა მეორედ დაიკითხა:

„მშობელი დაკითხულია ხელმეორედ, ამ ეტაპზე მეტ ახალ ინფორმაციას მე ვერ მოგაწოდებთ. ძალიან მალე ამ საქმეზე ამოიწურება საგამოძიებო მოქმედებები და წინასწარი გამოძიება და გამოძიების დასრულებისთანავე მე თქვენ უფრო მეტ დეტალს გეტყვით“, - განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა.

სახელმწიფო ინსპექტორის მიერ „მწვანე სკოლაში“ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზეზი კი გახდა ის, რომ გამოიკვეთა არასრულწლოვანთა პერსონალური ინფორმაციის მოპოვების, შენახვისა და გავრცელების წესების დარღვევის ნიშნები.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.

17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG