Accessibility links

site logo site logo

ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებულები უზენაესმა სასამართლომაც დამნაშავედ ცნო


ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას და გუგა ბარბაქაძის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მოსამართლეთა კოლეგიამ გუგა ბარბაქაძისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უცვლელად დატოვა, ხოლო გიორგი ჯანაშიას შემთხვევაში, პროკურატურასთან მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა.

გიორგი ჯანაშიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობის ნაცვლად, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება. გიორგი ჯანაშიას 2 წელი უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებას 2021 წელს დატოვებს.

პროკურორის განმარტებით, საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და ბრალდების მხარეს მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 11 წლით და 3 თვით პატიმრობა უცვლელად დატოვა.

ბარბაქაძის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით გასამართლებას ითხოვდა.

2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. გიორგი ჯანაშიას11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა. პირველი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი, 10 წლით და 6 თვით პატიმრობა დაუმძიმა და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მიხეილ კალანდია, რომელსაც მანამდე მოწმის სტატუსი ჰქონდა.

დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის დეკემბერში მოკლეს არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG