Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე: მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში არჩილ თალაკვაძის გადაწყვეტილებით არ შეუშვეს


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, პანკისის სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში არჩილ თალაკვაძის გადაწყვეტილებით არ შეუშვეს. მამუკა მდინარაძის განმარტებით, ამის უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს შესაბამისი ბრძანების საფუძველზე აქვს:

„როდესაც არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების კუთხით, პროვოკაციების კუთხით, პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია შეზღუდოს საშვის დაშვება და ადამიანის შემოშვება. აქედან გამომდინარე მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, აბსოლუტურად სწორი“, - უთხრა მედიას მამუკა მდინარაძემ აღნიშნულ საკითხზე დეპუტატ თინა ბოკუჩავასთან კამათის შემდეგ.

„საზოგადოება ხედავს, თუ როგორ პროვოკაციაზე მოდიან ეს ადამიანები, ვინც გეგმავენ ამ სპექტაკლებს მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად. უფრო მეტი შანსია, ბუნებრივია, რომ მათ მეტი მოინდომონ, მეტად პროვოკაციულები იყვნენ. აქედან გამომდინარე, მათ არ მივეცით ამის საშუალება. ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი აზრით, თინა ბოკუჩავას მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად ბრიფინგის გამართვა შეეძლო პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისშიც, თუმცა მან ეს საგანგებოდ მოინდომა პარლამენტის შენობაში.

„რატომ არ აკეთებს ამას პარტიის ოფისში? იმიტომ, რომ პარლამენტში მოაწყოს პროვოკაცია. რისკზე საუბარი არის აბსოლუტურად რელევანტური“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თინა ბოკუჩავას დაცვამ ხელი შეუშალა პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებში შესულიყო. მამუკა მდინარაძესთან შეხვედრამდე, დეპუტატი ცდილობდა არჩილ თალაკვაძესთან გაერკვია, რატომ არ შეუშვეს მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობასთან დღეს, 29 იანვარს შეუძლოდ გახდა.

ის „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ თინა ბოკუჩავასთან ერთად დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხზე პარლამენტის შენობაში ბრიფინგის გამართვას აპირებდა, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა არ შეუშვეს. საშვი დეპუტატ თინა ბოკუჩავას ჰქონდა დაშვებული.

მალხაზ მაჩალიკაშვილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.

პროკურატურამ თემირლან მაჩლიკაშვილის მიმართ, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 25 იანვარს შეწყვიტა. მიზეზად კი დასახელდა საქმეში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ არც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამ დრომდე მოითხოვენ, სახელმწიფომ ჩადენილი დანაშაული აღიაროს, რისთვისაც აქციებს მართავენ პარლამენტის შენობის წინ. ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდნენ ხელმოწერებს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG