Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თბილისი პრაიდი" პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებს


სამოქალაქო მოძრაობა „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპელ კოლეგებს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია საქართველოში ლგბტი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობასა და „თბილისი პრაიდის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.

„კერძოდ, დავით ზალკალიანის განცხადებით, მუქარების მიუხედავად ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდა და ეს ხელისუფლების დამსახურებად მოიხსენია. ხოლო, პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ დაცულ იქნას ეს [ლგბტი] უფლებები და გამოხატვის თავისუფლება და რომ სამართალდამცველებმა მოახერხეს ამ სიტუაციების მართვა. საგარეო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში თითქოსდა, ხელისუფლებამ გადადგა არაერთი ქმედითი ნაბიჯი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტურად აღსრულებისთვის - განახორციელა კვლევები და საინფორმაციო კამპანიები. ამავდროულად, მისი თქმით, ხელისუფლების, პოლიტიკოსების საჯარო ფიგურები ლგბტი უფლებებს დიდ ყურადღებას აქცევენ და გმობენ თავდასხმებს და ლგბტი პირების გამოხატვის თავისუფლების დარღვევებს“, - ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.

სამოქალაქო მოძრაობა პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეახსენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „ღირსების მარშის“ დაცვაზე 2019 წელს პირდაპირი და საჯარო უარი განაცხადა: „რაც გინდათ ის ქენით, ჩვენ არ დაგიცავთ - ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი იმ ურთულესი გამოწვევების პირობებში, რაშიც თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და თემის წევრები ვიმყოფებოდით უსაფრთხოების თვალსაზრისით“.

„თბილისი პრაიდის“ განცხადებითვე: „სახელმწიფო არაფერს აკეთებდა თბილისში სიძულვილის ჯგუფების მიერ ღია მუქარებისა და ძალადობის აღსაკვეთად და მეტიც, თავად იყენებდა უკიდურესად არადემოკრატიულ მეთოდებს ჩვენს წინააღმდეგ. კერძოდ, ხელისუფლება მუდმივად გვთხოვდა ღირსების მარშის გაუქმებას და საბოლოოდ კი, ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობასა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაგვადანაშაულა“.

სამოქალაქო მოძრაობა სამწუხაროს უწოდებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დღემდე არ აღიარებს ჰომოფობიას, როგორც სოციალურ პრობლემას და ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ახდენს სიცრუის ტირაჟირებას: „პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სხვა არაფერია, თუ არა პრობლემის უარყოფა და ისტორიის გაყალბება. მით უმეტეს რომ თბილისი პრაიდის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მოხვდა თითქმის ყველა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების უარყოფით შეფასებებში“.

„თბილისი პრაიდი“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უფრო მეტი რესურსი მიმართოს რეალური ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ, რაც სამომავლოდ უხერხული ტყუილების გავრცელების საჭიროებასაც გააქრობს.

XS
SM
MD
LG