Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე: მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს არ განვიხილავთ


არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ უმრავლესობა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს არ განიხილავს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რატომ არ დაიშვა საშვი მალხაზ მაჩალიკაშვილზე იმისთვის, რათა მას საშუალება ჰქონოდა დეპუტატ თინა ბოკუჩავასთან ერთად პარლამენტის შენობაში ბრიფინგი გაემართა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური ბრიფინგების გამართვის ადგილი პარტიის ოფისია:

„ჯერ ერთი, მას [თინა ბოკუჩავას] არანაირი წინასწარი კომუნიკაცია არ ჰქონია ჩემთან ამასთან დაკავშირებით. მეორე, ეს იყო სუფთა პოლიტიკური ბრიფინგი, ვიწრო პარტიული ბრიფინგი, სადაც ეს კონკრეტული პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, ცდილობს, თავისი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენოს მოქალაქის ინტერესები და მისი როლი. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ასეთი ბრიფინგების ადგილი არის მათი პარტიული ოფისი. ესაა ჩემი პასუხი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პანკისის სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი თხოვნით მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან გასულ დეპუტატებს, მხარი დაუჭირონ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას.

მალხაზ მაჩალიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ თინა ბოკუჩავასთან ერთად, დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხზე ბრიფინგის გამართვას პარლამენტის შენობაში აპირებდა, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა არ შეუშვეს.

მოსალოდნელი პროვოკაციის თავიდან არიდების არგუმენტით, აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მიიღო.

პროკურატურამ თემირლან მაჩლიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 25 იანვარს შეწყვიტა. მიზეზად კი დასახელდა საქმეში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობა. თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გამო, პროკურატურამ შეწყვიტა ასევე მის წინააღმდეგ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზეც.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG