Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატი 5 თებერვალს გამართავს კენჭისყრას ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე


აშშ-ის სენატი 5 თებერვალს გამართავს კენჭისყრას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე.

ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც პარასკევს ტრამპის იმპიჩმენტის პროცესზე სენატმა უკუაგდო ბრალდების მხარის წინადადება დამატებითი მოწმეების მოწვევის თაობაზე.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოწმე, რომლის მოსმენასაც ითხოვენ დემოკრატები, არის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი.

მოწმეების გამოძახებისთვის დემოკრატებს 51 სენატორის ხმა სჭირდებოდათ, მაგრამ მათ მხოლოდ 47 სენატორი ჰყავთ. მათ ოთხი ზომიერი რესპუბლიკელის ხმის იმედი ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ ორმა - ტრამპის დიდი ხნის ოპონენტმა მიტ რომნიმ, და სიუზენ კოლინზმა - დაუჭირა მხარი მოწმეების მოწვევას. საბოლოოდ კენჭისყრის შედეგი იყო 49:51.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტის განაჩენი გამოუტანა ორი ბრალდებით - უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებისა და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის. როგორც მოსალოდნელია, სენატორთა უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს თანამდებობიდან პრეზიდენტის გადაყენებას. სავარაუდოდ, ტრამპის გამართლებას მხარს დაუჭერს ყველა რესპუბლიკელი. არ არის გამორიცხული, რომ იმპიჩმენტის მეორე მუხლს - კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლას - მხარი არ დაუჭიროს არც რამდენიმე დემოკრატმა.

მანამდე ორივე მხარემ წარმოადგინა საკუთარი პოზიცია. დემოკრატი კონგრესმენები ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ რესპუბლიკელები, რომ ტრამპის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაყინვა იყო კიევზე ზეწოლა საიმისოდ, რომ უკრაინას გამოძიება ეწარმოებინა ტრამპის მთავარი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ.

დამატებით მოწმეების გამოძახების მოწოდებები გაჩნდა მას შემდეგ, რაც New York Times-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ბოლტონი თავის ჯერ გამოუქვეყნებელ მემუარებში წერს, რომ ტრამპი თვითონ უკავშირებდა უკრაინისთვის დახმარების გაყინვას და ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG