Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავა კალაძეს: წარმოადგინე ჩემი ხელმოწერილი აღიარება, რომ 50 მილიონი მოვიპარე


გიგი უგულავა, კახა კალაძე
გიგი უგულავა, კახა კალაძე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერისგან იმ მტკიცებულების წარდგენას ითხოვს, რომელზე დაყრდნობითაც კახა კალაძემ განაცხადა, რომ ყოფილმა მერმა ხელმოწერით აღიარა 50 მილიონი ლარის მოპარვის ფაქტი. გიგი უგულავა კახა კალაძეს მიმართავს, დღის ბოლომდე წარადგინოს მისი ხელმოწერილი განცხადება აღიარების შესახებ.

გიგი უგულავამ მედიასთან განმარტა, რომ კახა კალაძე ტყუის, რადგან გამოძიება მას ედავებოდა არა ფულის მოპარვას და სახლში წაღებას, არამედ მერიაში მმართველი პარტიის წარმომადგენლების დასაქმებას.

„მე არანაირი ჩვენება ამ საქმეზე არ მიმიცია, არათუ ბრალი არ მიღიარებია. ამიტომ, გეუბნებით, რომ თქვენ ხართ უწიგნური და ეს სამწუხარო ემპირიული მოცემულობაა და ხართ მატყუარაც, ცდილობთ, ხალხი შეიყვანოთ სიცრუეში.

ამიტომ დღის ბოლომდე მოგიწოდებ და თქვენთვის გასაგები ენით - ტოებით და ბიჭოებით, თუ გინდა მის გარეშე, გეტყვით - დღის ბოლომდე წარმოადგინეთ ჩემი ხელმოწერილი, როგორც თქვენ თქვით, განცხადება თუ ბრალის აღიარება, რომ მე 50 მილიონი მოვიპარე. თუ ამას არ იზამთ, მაშინ დღის ბოლოსთვის იქნებით ის, რაც თქვენ ჰომოგენურად ყველაზე მეტად გესმით - ანუ დაგინების შემდეგ მატყუარას რა ჰქვია თქვენივე ჟარგონით, თქვენივე წრეში მოიკითხეთ, თუ შენ თითონ კარგად არ იცი“, - მიმართა გიგი უგულავამ კახა კალაძეს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 3 თებერვალს განაცხადა, რომ ქვეყანაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს არავინ დევნის:

„პოლიტიკასთან რა შუაშია, თუ ადამიანს აქვს დანაშაული ჩადენილი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან იქნება რეაგირება, მაგრამ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს ძალიან მარტივად შეუძლიათ, დაანახონ საზოგადოებას სიმართლე და რეალობა. შესაბამისად, ვერავინ დაიჩაგრება, ჩვენ არავინ არასდროს დაგვიჩაგრავს და ამას ვერავინ გაბედავს.

გიგი უგულავას სადავო რა აქვს? გიგი უგულავამ თვითონ აღიარა, რომ დანაშაული ჩაიდინა და ამაზე ხელი აქვს მოწერილი. სადავო რა არის, რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რაზე ვსაუბრობთ საერთოდ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

10 თებერვალს უზენაესი სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 28 თებერვალს დედაქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და 1 წლით და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი შთანთქა უგულავას მიმართ სისხლის სამართლის სხვა საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენმა და მას სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა.

პროკურატურა გიგი უგულავას ბრალს სდებდა „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონი ლარის გაფლანგვაში, რაც საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა და განაჩენი გამოიტანა შედარებით მსუბუქი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. ამავე საქმეზე სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები, დავით ალავიძე, ალექსი თაბუაშვილი და დავით ავალიანი და თითოეულს შეუფარდა 1 წლით და 2 თვით პირობითი მსჯავრი.

დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო მხოლოდ „თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი საბანაძე და მას დაუსწრებლად შეუფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა 2017 წლის 6 იანვარს, მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის მუხლით საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წელს შეფარდებული, ოთხნახევარწლიანი საპატიმრო სასჯელი 1,3 წლით პატიმრობამდე შეუმცირა და დამნაშავედ ცნო არა გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG