Accessibility links

logo-print logo-print

დეკანოიძის თქმით, „ოცნების“ ხელისუფლება ლობისტურ კომპანიაზე ბიუჯეტიდან $2 მლნ-ს ხარჯავს


„ბატონი მდინარაძე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ კონტრაქტზე, რომელიც ნამდვილად გაფორმებული აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, წარმოდგენილია ბატონი ბათუ ქუთელიას ხელმოწერა“, - თქვა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ.

პოლიტიკოსმა საზოგადოებას წარუდგინა დოკუმენტი, რომელზეც, მისი თქმით, „ნათლად ჩანს, რომ ბათუ ქუთელიას არავითარი ხელმოწერა ამ კონტრაქტზე არ არის, აქ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის (კობა ნაყოფიას) ხელმოწერა. ამიტომ ტყუის ბატონი მდინარაძე და მინდა ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი არის ბოდვა და მხოლოდ გადასაფარად იმ შემაშფოთებელი განცხადებების, რომელსაც ჩვენ ვისმენთ“.

გარდა ამისა, დეკანოიძემ წარმოადგინა დოკუმენტი და განმარტა, რომ „ქართული ოცნება“ ლობისტურ კომპანიას ორ მილიონ დოლარს უხდის.

„ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ გაფორმებული კონტრაქტი, რომელშიც „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი იხდის ხალხის ფულს, ორ მილიონ დოლარს, ეს არის კონტრაქტი, რომელშიც არაფერი წერია, მათ შორის, არც საქართველოს NATO-ში ინტეგრაციაზე, არც საქართველოს დეოკუპაციაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს ორი მილიონი დოლარი იხარჯება საქართველოს ბიუჯეტიდან, მაშინ, როდესაც ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში“, - ამბობს ხატია დეკანოიძე.

საქართველოს მთავრობა Chartwell Strategy Group-ის მომსახურებას 2018 წლის შემდეგ ყიდულობს. თანხა, რომელსაც ლობისტურ კომპანია საქართველოსგან მიიღებს, ახალ კონტრაქტში მითითებული არაა, თუმცა გასულ წელს, Chartwell Strategy Group თვეში 65 000 აშშ დოლარად დაიქირავეს.

რაც შეეხებაა „ნაციონალური მოძრაობის“ კონტრაქტს, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, „ამაში, რა თქმა უნდა, გასაოცარი, უჩვეულო და სკანდალური არაფერია, რომ არა იმ პირის ვინაობა, ვინც კონტრაქტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლად არის მითითებული - ბათუ ქუთელია.

“Orion Strategies იმუშავებს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, რათა აუხსნას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია კონგრესს, ადმინისტრაციას”, - წერია 250 000 აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტში, რომელიც 2020 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედებს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში საკონტაქტო პირად დასახელებულია ბათუ ქუთელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG