Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EPP მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ოპოზიციის ლიდერების დევნა


დონალდ ტუსკი
დონალდ ტუსკი

ევროპის სახალხო პარტია (EPP) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „თავი შეიკავოს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის გამოყენების მცდელობისგან და შეწყვიტოს ოპოზიციის ლიდერების დევნა“, - ნათქვამია ევროპარლამენტის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური ძალის, 3-4 თებერვლის პოლიტიკური ასამბლეის შემდეგ გავრცელებულ ცნობაში.

ასამბლეა შესავალი სიტყვით გახსნა ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა, დონალდ ტუსკმა, რომლის გამოსვლაში დომინირებდა საერთაშორისო საკითხები.

ევროპის სახალხო პარტიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს საარჩევნო სისტემის თაობაზე საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო შუამავლების დახმარებით, მიმდინარე მოლაპარაკებებს და „მოუწოდებს საქართველოს მმართველ უმრავლესობას, შეიმუშაოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ისარგებლებს ყველა დაინტერესებული მხარის მხარდაჭერითა და ნდობით და 2020 წლის არჩევნებზე უზრუნველყოფს საპარლამენტო წარმომადგენლობის მაქსიმალურ პროპორციულობას“.

ამასთან, EPP საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დააკმაყოფილოს საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და საქართველოს მეგობრების მოთხოვნები.

„ევროპის სახალხო პარტია, რომელიც კვლავ რჩება საქართველოში დემოკრატიის მომხრედ, ძალიან იმედგაცრუებულია იმით, რომ მმართველ პარტიას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება არსებული პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად“, - ნათქვამია ევროპის სახალხო პარტიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ საქართველო ფლობს უდიდეს პოტენციალს და როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს ინტერესებშია, „ქვეყნის დემოკრატიული მონაპოვარი წყალში არ აღმოჩნდეს გადაყრილი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG