Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი ეუთო-ოდირის დასკვნაზე: ვერ ვხვდები რატომ უნდა ვგრძნობდე თავს უხერხულად?!


ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი
ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციასა და ეუთო-ოდირს შორის შუამავლის როლის შესრულებით ომბუდსმენის აპარატმა, თავისი მანდატიდან გამომდინარე, პოზიტიური როლი შეასრულა. "მე ვერ ვხვდები რატომ უნდა ვგრძნობდე თავს უხერხულად?!“ - ასე უპასუხა მან ჟურნალისტებს შეკითხვაზე, რომელიც შეეხებოდა მმართველი პარტიის წარმომადგენელთა შეფასებებს. ამ შეფასებების თანახმად, ეუთო-ოდირისთვის წერილის გაგზავნით ომბუდსმენმა თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენა:

ფაქტია, რომ ორივე მხარე კმაყოფილია მიღებული დასკვნით და იყენებენ მათი არგუმენტების გასამყარებლად. ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი ჩართულობით დავდეთ ნამდვილად პოზიტიური პროექტი და პოზიტიური შედეგი. ეხლა ჯერი არის ხელისუფლებაზეც და ოპოზიციაზეც.

რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ნებისმიერი შეფასება გააკეთონ. რაც შეეხება იმას, რატომ დავსვით ეს შეკითხვა, ეს იყო ოპოზიციის თხოვნა.

ეს კითხვა ასე რომ იქნებოდა ფორმულირებული, ჩემი მხრიდან წინასწარი კომუნიკაციის დროს, ცნობილი იყო ეუთო-ოდირისთვის. მათ არ უთქვამთ გადაჭრით, რომ ამ საკითხს არ შეეხებოდნენ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მისი განმარტებით, სახალხო დამცველის მიერ ეუთო-ოდირში გაგზავნილი შეკითხვა ორ საკითხს შეეხებოდა. კერძოდ, შეესაბამებოდა თუ არა ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი ე.წ. გერმანულ მოდელზე დაყრდნობით საერთაშორისო სტანდარტებს და იყო თუ არა შესაძლებელი მოქმედი საკონსტიტუციო ჩარჩოს ფარგლებში საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება?

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მას არ ჰქონია საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ოდირის მხრიდან პირდაპირი დასკვნის მოლოდინი, თუმცა იმედოვნებდა რომ აღნიშნულზე ირიბი მინიშნებები მაინც გაკეთდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მინიშნება არ გაკეთებულა, სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ დასკვნაში ეუთო ოდირმა ჩადო მნიშვნელოვანი განაცხადი როცა თქვა, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევის საერთაშორისო სტანდარტი არ არსებობს, მაგრამ სისტემა შერჩეული უნდა იყოს ფართო ინკლუზიური დებატის, ფართო კონსენსუსის საფუძველზე. ნინო ლომჯარიას შეფასებით, სწორედ ეს არის ეუთო-ოდირის დასკვნის ძირითადი რეკომენდაცია.

5 თებერვალს გამოქვეყნდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (ODIHR) ოფისის მიერ მომზადებული დასკვნა ოპოზიციის მომზადებულ ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც ეხება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას. კერძოდ, არჩევნების ე.წ გერმანული მოდელით ჩატარების კონსტიტუციურობას.

ეუთოს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არის ქვეყნის სუვერენული უფლება და კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG