Accessibility links

site logo site logo

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჩინელ მამაკაცს, სავარაუდოდ, აქვს B გრიპი


„ჩინელ ახალგაზრდა მამაკაცს რენტგენოლოგიურად პნევმონია არ აღმოაჩნდა, რაც ამცირებს, მაგრამ არ გამორიცხავს კორონავირუსით ინფექციის ალბათობას. გარდა ამისა, წინასწარი კვლევით, მას, სავარაუდოდ, აქვს B გრიპი. იყო სუსტი, დადებითი რეაქცია B გრიპზე, რაც შესაძლოა, იმით არის გამოწვეული, რომ ის არ არის ახალი პაციენტი, მას მეოთხე დღეა რესპირაციული ინფექციის სიმპტომები აქვს“, - ამბობს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. მისი თქმით, მამაკაცს აღენიშნება ტემპერატურის მომატება, ხველა, ინტოქსიკაცია, სისუსტე, მაგრამ ეს ყველაფერი ახასიათებს გრიპსაც.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ცენტრს შედეგები ხვალ, 7 თებერვალს უნდა დაედგინა, ექიმების, საზოგადოების და პაციენტების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მათ დღეს სთხოვეს გამოკვლევის ჩატარება.

„ისინი დღეში ერთხელ აკეთებენ გამოკვლევას. დილით უკვე გაკეთებული ჰქონდათ, მაგრამ მოვიდნენ, აიღეს მასალა ჩინელი მამაკაცისგან და კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალისგან. გვითხრეს, რომ დღეს, ღამის 12:00 საათისთვის იქნება პასუხი და საზოგადოება შედეგებს დილით გაიგებს“, - თქვა ცერცვაძემ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ქალს, ცერცვაძის თქმით, ის თავს კარგად გრძნობს.

„ტემპერატურა 37.1 აქვს. პნევმონია არც მას აღმოაჩნდა. მისი ანალიზიც აღებულია და ერთად იქნება პასუხები. ამ ქალს არც B გრიპი აქვს, ჩვეულებრივ გაციებულია - მწვავე რესპირაციული ინფექცია აქვს“, - აღნიშნავს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი.

თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებას ისიც ამცნო, რომ ამიერიდან საქართველოდან გერმანიაში ტესტები აღარ გაიგზავნება.

„უკვე ჩამოიტანეს საქართველოში სადიაგნოსტიკო სისტემები. თუ არ იქნება რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა, ყველა ტესტირება ჩატარდება ლუგარის ლაბორატორიაში“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიერ დღეს, 6 თებერვალს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში კიდევ 73 ადამიანი გარდაიცვალა პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსით 2019-nCoV.

ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთში გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 563-ს მიაღწია. გასული 24 საათის განმავლობაში დადასტურებულია ინფიცირების 3694 ახალი შემთხვევა, საერთო რაოდენობა კი 28 018-ს შეადგენს.

პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსის გავრცელება დეკემბრის ბოლოდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან. ინფიცირების პირველ შემთხვევებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზართან.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, კორონავირუსით დაავადების ასზე მეტი შემთხვევაა მსოფლიოს 25-მდე ქვეყანაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG