Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოში ხვალიდან ძლიერი ქარი და ყინვაა მოსალოდნელი


დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების შემოჭრის გამო, მომდევნო დღეების პროგნოზით, მოსალოდნელია ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში - თოვა, ზღვაზე - შტორმი.

„ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან, დასავლეთ საქართველოში ნალექი ყველგან თოვლის სახითაა მოსალოდნელი, შესაძლოა ზოგან თოვლ-ჭყაპი“, - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე.

მისი ინფორმაციით, 9 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი თოვა.

„ამინდის პირობების გაუარესება დაკავშირებულია ერთ-ერთ ციკლონთან ცივი ფრონტის გავლასთან, ფრონტის ზურგში ვრცელდება ცივი ჰაერის მასები, რაც გამოიწვევს ტემპერატურის ვარდნას“, - ამბობს სვეტლანა ნიორაძე.

8 თებერვალს ბათუმსა და ქობულეთში ტემპერატურა დღისით 5-6 გრადუსამდე დაეცემა. ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი, მაღალ მთებში - ქარბუქი.

ძლიერ ქარს ვარაუდობენ ზოგადად მთელ საქართველოში და თბილისშიც.

„თბილისში 8 თებერვლის ღამით თოვლია მოსალოდნელი, ტემპერატურა ღამით იქნება - 2, -3 გრადუსი. 9 თებერვლის ღამით კი ტემპერატურა -5, -6 გრადუსამდე დაეცემა, დღის ტემპერატურაც ძალიან დაბალი იქნება, -2 გრადუსის ფარგლებში. 10 თებერვალს ღამით ტემპერატურა -5, -6 გრადუსამდე დაეცემა და დღის ტემპერატურაც -2 გრადუსის ფარგლებში დარჩება“, - ამბობს სვეტლანა ნიორაძე.

9-10-11 თებერვალს საქართველოში შესაძლებელია ღამის ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაეცეს. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის ვარდნა ციტრუსოვანი კულტურებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

თბილისში 10 თებერვლის ჩათვლით იქროლებს ძლიერი ქარი: 20-22 მეტრი წამში, ქალაქის გარეუბნებში ქარის სიძლიერე მეტი იქნება.

საქართველოში დაბალი ტემპერატურა 10-11 თებერვალს შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს ვარაუდით, 12 თებერვლიდან ტემპერატურა მოიმატებს და გამოიდარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG