Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში აცხადებენ, რომ "საზღვრის" დამრღვევთა დაჯარიმებით ბიუჯეტი 83500 რუბლით შეავსეს


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სასაზღვრო სამსახურმა 2020 წლის იანვარში „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევისთვის დააკავა 17 პირი, ხოლო ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის - 19.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ამ მონაცემებს სააგენტო „რესი“ ავრცელებს. დაკავებულთა საერთო რიცხვი 36 იყო 2019 წლის დეკემბერშიც.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, იანვარში დაკავებულთაგან 28 დააჯარიმეს, ერთი „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან“ ჯარიმის გარეშე გააძევეს, 6 გააფრთხილეს, ხოლო ერთის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ დამრღვევთა მიერ ჯარიმის გადახდის შედეგად „სახელმწიფომ“ მიიღო 83 500 რუბლის შემოსავალი (დაახლოებით 3800 ლარი).

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრი სამსახური შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო საზღვარზე შექმნილი ვითარების, პროვოკაციებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით და საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, 2019 წლის 4 სექტემბრიდან განსაკუთრებულ გადკარგულებამდე მიღებულია პირების და სტრანსპორტო საშუალებების გაშვების შეწყვეტის გადაწყვეტილება სახელმწიფო საზღვრის გამარტივებულად გადაკვეთის ადილებში - რაზდახანსა და სინაგურში“, - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

საოკუპაციო რეჟიმმა 6 თებერვალს ისევ ჩაკეტა ე.წ. საზღვარი ოკუპირებულ ახალგორის რაიონთან (ე.წ. რაზდახანის პუნქტი). დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელ პენსიონერებს და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეებს, სულ რამდენიმე ათეულ ადამიანს, დანარჩენი საქართველოსკენ გზა დროებით გაუხსნა 24 იანვარს.

ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ გზა არ გაიხსნება, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან, აგვისტოს ბოლოს განთავსებულ საპოლიციო საგუშაგოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG