Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცერცვაძის თქმით, კორონავირუსი არ დაუდასტურდა ინფექციურ საავადმყოფოში არცერთ პაციენტს


ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებას ჩინეთის ორი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ცერცვაძის თქმით, მათ არ აქვთ პნევმონია, რენტგენოლოგიური გამოკვლევით; არ აქვთ გრიპის ვირუსი, ზემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალის გამოკვლევით. როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, კატეგორიულად გამოირიცხა ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია.

ცერცვაძის ინფორმაციით, ერთი პაციენტი საქართველოში ოთხ თებერვალს ჩამოვიდა, მეორე კი 29 იანვარს.

„რამდენადაც მე მაქვს ცნობა, მუშაობენ ახმეტაში და აუწიათ ტემპერატურა გუშინ და წამოიყვანეს ჩვენთან კლინიკაში“, - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე და ამატებს, - „ორივე მათგანი რჩება ჩვენთან. ხვალამდე დავაკვირდებით, თუ რაიმე სიმპტომები არ გამოჩნდა, მდგომარეობა არ გაუარესდება, და არ გაუარესდება, რადგან ლაბორატორიულად მათ არაფერი არ აქვთ, ხვალ, 8 თებერვალს ორივე გაეწერებიან”.

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, 13 ადამიანიდან, ვინც ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის საეჭვო შემთხვევად შეიყვანეს, არცერთს აღნიშნული ინფექცია არ დაუდასტურდა.

ახალი კორონავირუსის ეპიდემიამ, რომელმაც დეკემბერში დაიწყო ჩინეთიდან გავრცელება, დღემდე მსოფლიოში 636 ადამიანი იმსხვერპლა. დაავადებულთა საერთო რაოდენობა 31 ათასს აღემატება. დაახლოებით 1500 პაციენტის განკურნება მოხერხდა, იტყობინება ჩინეთის ხელისუფლება.

სასიკვდილო შედეგების უმრავლესობა ჩინეთში აღირიცხა. მთლიანობაში ვირუსი, სულ მცირე, 25 ქვეყანაში გავრცელდა. საკრუიზო გემ Diamond Princess-ზე, რომელიც იაპონიის პორტ იოკოჰამის ნაპირთან ორკვირიან კარანტინზე დგას, კორონავირუსის დადებითი შედეგები აჩვენა 41 ადამიანის ანალიზებმა. ამგვარად, გემზე დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 61-ს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარებად გამოაცხადა.

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა შორისაა ექიმი ლი ვენლიანი ჩინეთის ქალაქ უჰანიდან, რომელმაც პირველმა გამოთქვა შიში ახალი კორონავირუსის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG