Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩიორა თაქთაქიშვილი ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი პარტიას ტოვებს.

„პირველ რიგში მაწუხებს ის, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრებს შორის არც ისე ბევრი თანამოაზრე დამრჩა.

რა თქმა უნდა, ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებში არაფერი შეცვლილა. ახლაც მგონია, რომ ვარდების რევოლუციის და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი მონაპოვარი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. რამდენსაც არ უნდა ეცადონ ივანიშვილის ძველი თუ „ბოლო ჟამის“ მიმდევრები, ამ რეალობას მაინც ვერაფერს დააკლებენ“, - აღნიშნავს ჩიორა თაქთაქიშვილი 7 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტის ყოფილი წევრი ასახელებს თემებს, რაც მის უკმაყოფილებას იწვევს.

„საშინლად მტკივნეულია, როდესაც ჩემივე პარტიაში ნორმად იქცა ხშირი კომპრომისი იდეალებისა და ღირებულებების ხარჯზე, რაც აისახება საკადრო პოლიტიკაშიც.

ვითრგუნები, როცა პარტიის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა აკეთებს ქსენოფობიურ განცხადებებს და პარტიის არცერთი ლიდერი არ აფიქსირებს განსხვავებულ პოზიციას. მიუღებელია, როდესაც მოკლული, ნაცემი ან შეურაცხყოფილი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების დაცვის აუცილებლობაზე საუბრის მაგივრად, ჩემი კოლეგები ამჯობინებენ საპატრიარქოს უმტკიცონ ერთგულება, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, სწორედ საპატრიარქო ავრცელებდა რუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას“, - ნათქვამია თაქთაქიშვილის განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრს მიაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკური კლასი განახლებას საჭიროებს.

„მაწუხებს ისიც, რომ ბოლო 30 წელია, ერთი და იგივე ადამიანებს ვხედავ ქართულ პოლიტიკაში, რომლებიც ჩვენ, ყველას თავს გვახვევენ თამაშის თავიანთ წესებს. წესებს, რომლის მიხედვითაც დასაშვებია, დღეს ერთი პოზიცია გქონდეს, ხვალ სხვა, დღეს ერთ პარტიაში იყო, ხვალ სხვაში, დღეს ერთი ძლიერი მოთამაშისგან ნახო სარგებელი, ხვალ სხვისგან, ოღონდ საპარლამენტო სავარძელი ან სხვა პრივილეგია არ დათმო.

ჩემი დაკვირვებით, ეს თავისთავადი მოცემულობა არაა. დღეს ეს არის არსებული მთავარი პოლიტიკური პარტიების ლიდერების დაკვეთა - შეინარჩუნონ სტატუს კვო, რომ პარტიულ საქმიანობაში გაცილებით უფრო ნაკლებ ახალ და პერსპექტიულ ადამიანს მოუნდეს მისვლა, რადგან მათში კონკურენტებს ხედავენ“, - აღნიშნავს თაქთაქიშვილი და ამატებ, - „ბევრს მიაჩნია, რომ ამაზე საუბარი ადრეა, რომ ამის დრო არ არის, როცა ივანიშვილის რეჟიმია დასამარცხებელი, აქ აქციაა დასაორგანიზებელი, იქ - კოორდინატორები შესარჩევი. მე კი მგონია, რომ ივანიშვილის ბოროტ, რუსული, კრიმინალური წესებით მართულ რეჟიმთან ბრძოლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იმაზეც გადის, რომ ივანიშვილის უვიცი და კლეპტოკრატი გუნდის ალტერნატივად ახალი, ღია, დემოკრატიული ტიპის პარტიები არსებობდნენ, რომლებიც საზოგადოების რომელიღაც ნაწილის ინტერესის გამტარებლები არიან“.

6 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს ნინო კალანადაძემ, ზაზა ბიბილაშვილმა და მარიამ გერსამიამ. მათი ერთობლივი განცხადების თანახმად, 2 წელია პარტიულ საქმიანობას ჩამოშორებული არიან და „ფოკუსირებული არიან „ჭავჭავაძის ცენტრის“ განვითარებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG