Accessibility links

site logo site logo

ბელარუსი ვეღარ მიიღებს მოსკოვისგან იაფ ნავთობს


ბელარუსი რუსეთისგან ნედლ ნავთობს მხოლოდ საბაზრო ღირებულების შესაბამისად მიიღებს, - ამის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი კოზაკმა, სოჭში პარასკევს გამართული სამიტის დასრულების შემდეგ.

რუსეთის საკურორტო ქალაქში 7 თებერვალს დილიდან მიმდინარეობდა რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების ჯერ პირისპირ შეხვედრა, რომელიც შემდგომ გაფართოებული დელეგაციების მონაწილეობით გაგრძელდა.

უმაღლესი დონის შეხვედრის მთავარი საკითხი იყო მინსკსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის გამოცოცხლება მოსკოვის მხრიდან ბელარუსზე განხორციელებული მზარდი ეკონომიკური ზეწოლის ფონზე.

რუსეთში გამგზავრებამდე, ლუკაშენკომ დაიჩივლა, რომ გასულ თვეში მოსკოვისგან დაპირებული ნავთობის მხოლოდ მეოთხედი მიიღო.

„ამ წელს რუსეთის მთავრობა დაგვპირდა 24 მილიონი ტონა ნავთობის, ანუ თვეში 2 მილიონი ტონის, მოწოდებას. იანვარში კი მხოლოდ 500 ათასი ტონა მივიღეთ“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა მოსკოვში გამგზავრებამდე.

ამ ფონზე მინსკი ეძებს საწვავის მიწოდების ალტერნატიულ გზებს. ეს საკითხი განიხილეს გასულ კვირაში მინსკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, ისტორიული ვიზიტის დროს.

აშშ მზადაა, ბელარუსი ენერგორესურსებით უზრუნველყოს „ასი პროცენტით, კონკურენტუნარიან ფასებში“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა 1 თებერვალს მინსკში, ბელარუსის ლიდერთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

7 თებერვალს პუტინის წარმომადგენელმა, დმიტრი კოზაკმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა ბელარუსს ბუნებრივი აირი კვლავ უწინდებურ ფასად მიაწოდოს. 2019 წელს ბელარუსი 127 ამერიკულ დოლარს იხდიდა რუსეთიდან მიღებულ ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG