Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პატიმრობაში ჯდომა მირჩევნია“ - გვარამია ყოველ მე-2 დღეს პროცესზე მისვლას არ აპირებს


„მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული მორიგი პროცესის შემდეგ ამბობს, რომ არ აპირებს მოსამართლის მიერ დადგენილი გრაფიკის გათვალისწინებას.

„მოსამართლემ ჩემთვის უცნაურად ახსნა და თქვა, რომ ეს პროცესი მისთვის პრიორიტეტულია. ეს მის ენაზე, მიკერძოებულობას ნიშნავს, როგორც ჩანს“, - ამბობს გვარამია. მისი თქმით, მოსამართლემ პროცესები ყოველ მეორე დღეს დანიშნა, რაც ბრალდებულის შეფასებით, ნიშნავს მარტივ რამეს: „ამ მოსამართლემ ამგვარი გრაფიკით ეფექტურად ამიკრძალა ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორობა. მან, თავისი ჭკუით, ფაქტობრივად მომხსნა. ყოველ მეორე დღეს რომ პროცესია, მე წინა დღით უნდა გავეცნო მასალებს, შეკითხვები დავსვა, ვიცოდე და მზად ვიყო, იმიტომ რომ ეს მოწმეების დაკითხვაა. შესაბამისად, მე მთელი თებერვლის განმავლობაში სამსახურში არ უნდა ვიარო. ეს გამორიცხულია. მე არჩევანს ტელეკომპანია „მთავარის“ სასარგებლოდ ვაკეთებ“.

გვარამიამ მოსამართლეს გრაფიკის საკუთარი ვერსია შესთავაზა: „მას ვუთხარი, რომ შემიძლია, კვირაში ერთი დღე დავუთმო პროცესს, მეტი მე არ მაქვს. ჩემი დასვენების ნახევარი დღე, რაც მაქვს, შაბათს, პროცესზე ვიყო, სხვა დღე მე არ შემიძლია. არ მოვალ ამ პროცესებზე, ჩემ გარეშე ეს პროცესები ვერ ჩატარდება“.

გვარამია მასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს პოლიტიკურს უწოდებს.

„სამწუხაროდ, პროცესის ბოლოს ეს ცხადი გახდა. ეს მოსამართლე არის ამ „ავგიას თავლის“ ერთ-ერთი „ბინძური ცხენი“. მე მასთან კომუნიკაციას აკადემიურ ფარგლებში არ ვაპირებ“, - აღნიშნა მან.

ნიკა გვარამია სასამართლოს მიმართავს, რომ თუ უნდათ, შეუცვალონ აღკვეთის ღონისძება და დააპატიმრონ.

„პატიმრობაში ჯდომა მირჩევნია იმას, რასაც ახლა მოსამართლე მთავაზობს. მატარონ ძალით პროცესებზე. პატიმრობაში გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს“, - ამბობს ნიკა გვარამია.

„მთავარი არხის“ ხელმძღვანელი იმ ადამიანების შესახებაც საუბრობს, რომლებსაც დაკავება ემუქრებათ. „გიგი უგულავას შემდეგ იქნებიან TBC ბანკის საქმის ფიგურანტები და მე. დაჭერას კი არ ველოდები, ვიცი. დაჭერების სერია ოქრუაშვილით და 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულებით დაიწყო“, - შენიშნავს გვარამია.

პროკურატურის ბრალდების თანახმად, ნიკა გვარამიამ თავისი ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე დაუთმო „ინტერ მედია პლუსს“ კომერციული რეკლამის განთავსების უფლება. შედეგად, როგორც ბრალდების მხარე ამბობს, 2015 წელს შპს „რუსთავი 2“-ის ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა.

ნიკა გვარამიას თქმით, იმის გამო, რომ 2015 წელი რისკებს შეიცავდა, წინასწარ დადგენილი თანხით ხელშეკრულების გაფორმება სწორი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG