Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" ლიდერები ევროპარლამენტარებს შეხვდნენ


პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატთან ერთად, სტრასბურგში შეხვდნენ ევროპარლამენტის წევრებს - გერმანელ და ლატვიელ დეპუტატებს „ევროპის სახალხო პარტიიდან“ მიხაელ გალერს და სანდრა კალნიეტეს და ესტონელ და პოლონელ დეპუტატებს „სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსიდან“ სვენ მიკსერს და ვოჯიმირშ ჩიმოშევიჩს.

პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრებზე საუბარი იყო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესსა და წინასაარჩვენო გარემოზე.

მმართველი პარტიის პრესსამსახური აქვეყნებს კახა კალაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროპარლამენტარებმა დასვეს ბევრი შეკითხვა და შესაბამისი ახსნა-განმარტებები მიიღეს: „მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენს მეგობრებს, თუ როგორი პოლიტიკური მდგომარეობაა ქვეყანაში. რაც შეეხება არჩევნებს, ხაზი გავუსვით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, მშვიდობიან გარემოში გამჭვირვალედ, რათა ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში წარუდგინოს საკუთარი ხედვები მოსახლეობას და ჩაატაროს საარჩევნო კამპანია“.

კახა კალაძის თქმით, ისაუბრეს გიგი უგულავას დაპატიმრებაზეც და ევროპარლამენტარებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ საქმეს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს, ეხება 48 მილიონი ლარის გაფლანგვას და ამის მყარი მტკიცებულებები არსებობს.

„ქართული ოცნება“ აქვეყნებს ირაკლი კობახიძის განცხადებასაც, რომ ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე განიხილეს ყველა თემა, რომელიც უკავშირდება საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობას: „ჩვენი ამოცანა იყო დეტალური ინფორმაციის მიწოდება პარტნიორებისთვის, ევროპარლამენტის წევრებისთვის და ამას დაეთმო თითოეული ჩვენი შეხვედრა“.

რაც შეეხება გიგი უგულავას საკითხს, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპარლამენტარებს მიაწოდეს ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებას აქვს. კობახიძის განცხადებით, საქმის შინაარსთან დაკავშირებით კითხვები არ ისმება არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ და ერთადერთი შეკითხვა ეხება დროს, არჩევნებთან კავშირს და შესაბამისად, პოლიტიკურ აქტუალობას, რაზეც პარტნიორებს განუმარტეს, რომ საქართველოში პრაქტიკულად, ყოველი წელი საარჩევნოა და ასეთ შემთხვევაში, საერთოდ ვეღარ უნდა ჩატარდეს ვერანაირი გამოძიება.

ირაკლი კობახიძის თქმით, 48 მილიონი გაიფლანგა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო მიზნების რეალიზებისთვის და ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს.

ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კახა კუჭავა, დავით სონღულაშვილი, ირაკლი ბერაია და ლევან კობიაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG