Accessibility links

logo-print logo-print

ბავშვის გაყიდვის ბრალდებით დაკავებული 7 პირი გირაოთია გათავისუფლებული


არასრულწლოვნით ვაჭრობის - ტრეფიკინგის ფაქტზე დაკავებული დედა, ორი ექიმი და კიდევ 4 პირი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ადასტურებს.

დაკავებულ 7 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო სასამართლომ 10 თებერვალს შეუფარდა. გირაოს ოდენობას უწყებაში არ ასახელებენ, როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, მათი მოთხოვნა პატიმრობის შეფარდება იყო.

რაც შეეხება ჩვილს, ის სახელმწიფო მზრუნველობაში იმყოფება.

მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი სამშობიარო კლინიკა „ბაიებში“ გაჩნდა. დედა კი მშობიარობამდე კლინიკაში გაყალბებული პასპორტით დარეგისტრირდა.

როგორც კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამთა მაისურაძე მედიასთან საუბარში ამბობს, მშობიარე კლინიკაში დარეგისტრირდა პასპორტით, რომელშიც მისი ფოტო იყო. „მშობიარის მდგომარეობიდან გამომდინარე ამ დეტალებზე არ მიდის ხოლმე [საუბარი] საკეისრო კვეთისას“, - აცხადებს ის.

თამთა მაისურაძის განცხადებით, ბავშვმა დედასთან ერთად დატოვა კლინიკა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. მისივე სიტყვებით, კლინიკის არც ერთი ექიმი დაკავებული არ ყოფილა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია 6 თებერვალს შვიდი პირის დაკავების შესახებ, რომლებსაც ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით, არასრულწლოვნით ვაჭრობა - ტრეფიკინგი.

დაკავებულთა შორის არიან ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული წარსულში ამავე სახის დანაშაულისთვის ნასამართლევი პირია.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მისმა თანამშრომლებმა 6 თებერვალს, ახალშობილის გაყიდვის შემდეგ დააკავეს დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი. ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცეს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.

გამოძიების ინფორმაციით, „ბრალდებულებმა პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ. ბრალდებულებმა დანაშაულებრივი განზრახვით მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც სანაცვლოდ მოთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG