Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპულ საქართველოში" ტრიუკი უწოდეს "ქართული ოცნების" მიერ ევროპარლამენტართა მოწვევას


"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა
"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიზანია, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს გიგი უგულავას საქმე, თუმცა, „ქართული ოცნების“ ტრიუკად აფასებენ საქმის შესასწავლად ევროპარლამენტის მისიის მოწვევას.

„ძალიან სკეპტიკურად ვართ განწყობილი რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი - როდესაც ადამიანი უკვე ციხეშია უზენაესი სასამართლოს განაჩენით, ვერ ვხედავთ კონკრეტულ დატვირთვას ამ კომისიის. ასეთი მისია უნდა ჩამოვიდეს მაშინ, როდესაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და არა მაშინ, როდესაც უკვე თადუმაძის ხელმოწერით ადამიანი დაპატიმრებულია. მეორე - არსებობს პრეცედენტი, როდესაც 2013 წელს, ეუთო/ოდირის მონიტორები აკვირდებოდნენ მაშინდელ სასამართლო პროცესებს, დადეს მკვეთრად უარყოფითი დასკვნა, სადაც სერიოზულად იყო გაკრიტიკებული როგორც სამართლებრივი, ასევე პროცესუალური მხარე. „ქართულმა ოცნებამ“ არავითარი ყურადღება არ მიაქცია ამ დასკვნას ისე, როგორც არავითარ ყურადღებას არ აქცევს ევროპის სასამართლოს დადგენილებას ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით", - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ ამ ტრიუკით ცდილობს მოატყუოს ევროპარლამენტარები და ამერიკელი კონგრესმენები, კიდევ ერთხელ ჩააქროს ცეცხლი და ისეთივე ტყუილით გაძვრეს ფონს, როგორც წინა კვირაში, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე არწმუნებდნენ კონგრესმენებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა არ იქნებოდა, დიალოგი მიმდინარეობდა და ამის პარალელურად დაიჭირეს გიგი უგულავა.

„ამიტომ ამ ინიციატივაში ვერანაირ შინაარსს და დატვირთვას ვერ ვხედავთ, თორემ თავისთავად, გიგი უგულავა არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული, მასთან დაკავშირებით იქნება ძალიან დიდი საერთაშორისო ყურადღება და ჩვენი, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ამოცანა სწორედ ის რის, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ყურადღებისა და ზეწოლის ცენტრში აღმოჩნდეს გიგი უგულავას საქმე, რადგან სწორედ საერთაშორისო ზეწოლით გიგი უგულავა აუცილებლად გამოვა ციხიდან“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, რომელიც პარტიის აღმასრულებელ მდივანთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად სტრასბურგში, ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს, 12 თებერვალს ევროპარლამენტარებს შესთავაზა საქართველოში მისიის გაგზავნა გიგი უგულავას საქმის შესასწავლად.

დღეს, 13 თებერვალს "ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა დამატებით შეკითხვებს იწვევს, რომ „ქართული ოცნების“ ოპონენტებმა სკეპტიკურად შეაფასეს და პრაქტიკულად, უარი თქვეს ასეთი მისიის მიღებაზე.

10 თებერვალს, უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე საქმეზე, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ უგულავა დამნაშავედ იყო ცნობილი მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებაში.

ოპოზიციურმა პარტიებმა გიგი უგულავა პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადეს და შეწყვიტეს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართულ ოცნებასთან“ გასული წლის ბოლოს დაწყებული მოლაპარაკება. ამ მოვლენებს მოჰყვა შეშფოთების და კრიტიკის შემცველი არაერთი განცხადება, მათ შორის აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან. მმართველი პარტია უგულავას პოლიტიკური ნიშნით დევნას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG