Accessibility links

ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილი პაპის კლანს აუმხედრდა


აისულთან ნაზარბაევი

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის, შვილიშვილმა დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.

აისულთან ნაზარბაევმა (აისულთან რახატი) ამის შესახებ ფეისბუკში დაწერა და განმარტა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა აიძულა ოჯახის ზეწოლამ, რაც მის მამხილებელ საქმიანობას მოჰყვა.

რუსეთ-ყაზახეთის კორუფციული სქემა

„საქმე ისაა, რომ ვფლობ ინფორმაციას დიდი მასშტაბის კორუფციის შესახებ რუსეთისა და ყაზახეთის ხელისუფლებებს შორის. ვგულისხმობ ყაზახეთის მოსახლეობისთვის მოპარულ მილიარდობით ამერიკულ დოლარს. მე აღმოვჩნდი ამ ხარბი და გაუმაძღარი, კერძოდ, დედაჩემის ოჯახის (დარიგა ნაზარბაევასა დ მისი ქმრის, ყაირატ შარიპბაევის) ცენტრში“, - წერს ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილი, აისულთან რახატი.

ყაზახეთის ექსპრეზიდენტის შვილიშვილი ყურადღებას ამახვილებს კორუფციულ სქემაზე, რომლითაც რუსეთისა და ყაზახეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ოლიგარქები უამრავ მოგებას უმალავენ ბიუჯეტს და შემდეგ ამ თანხას ინაწილებენ.

აისულთან ნაზარბაევის თანახმად, ყაზახეთის ბუნებრივი აირი, შუამავალი კომპანიების საშუალებით, ფასდაკლებით ეძლევა რუსულ კონცერნ „გაზპრომს“, რომელიც, თითქოსდა, აქედან წელიწადში 1,5 მილიარდი დოლარის მოგებას იღებს. ეს თანხა გადააქვთ სინგაპურში, შემდეგ კი, ნაზარბაევ უმცროსის თქმით, ის ნაწილდება რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვის წევრებს - ე.წ. ვლადიმირ პუტინის „ხაზინადრებსა“ და „გაზპრომის“ ხელმძღვანელობას - შორის.

რაც შეეხება ყაზახეთს, ამ კორუფციულ სქემაში მონაწილე შუამავალი კომპანიის საშუალებით ყაზახეთი თურმე იღებს 700 მილიონ დოლარს, რომელსაც, როგორც ექსპრეზიდენტის შვილიშვილი წერს, ყაზახეთის პრეზიდენტის სიძე, შუათანა ქალიშვილის ქმარი, ბიზნესმენი ტიმურ კულიბაევი, და მილიონერი ყაირათ ბორანბაევი ინაწილებდნენ.

ეს უკანასკნელი აისულთან ნაზარბაევის ყოფილი სიმამრია. ექსპრეზიდენტის შვილიშვილი ფეისბუკში გამოქვეყნებულ წერილში არ მალავს, რომ მან თავისი ყოფილი სიმამრის მხარე დაიჭირა მას შემდეგ, რაც დედამისმა, დარიგა ნაზარბაევამ, და მისმა ამჟამინდელმა ქმარმა, ყაირათ შარიპბაევმა, მთელი კონტრაქტის ხელში ჩაგდება მოინდომეს:

„ამგვარად აღმოვჩნდი ამ სიხარბის ეპიცენტრში! როგორც ჩანს, მათ არ ჰყოფნიდათ ის, რაც უკვე აქვთ! მე დავიჭირე ჩემი სიმამრის მხარე და ამით დარტყმის ქვეშ დავაყენე საკუთარი თავი!“

„სულის სიმშვიდეს ვეძებდი აუტანელ სინამდვილეში“

ამ სიტყვების ავტორი, აისულთან ნაზარბაევი, დარიგა ნაზარბაევასა და რახატ ალიევის შვილია.

ყაზახეთის ექსპრეზიდენტის ყოფილი სიძე, რახატ ალიევი, დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა. იგი 2007 წელს მოიტაცეს და ვენის ციხეში მოკლული იპოვეს 2015 წელს. ოფიციალური გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ ეს იყო თვითმკვლელობა.

აისულთანი დარიგა ნაზარბაევას მეორე შვილია. მან დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო აკადემია დაამთავრა და ამის შემდეგ ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს შტატში ჩაირიცხა.

ყაზახეთის ექსპრეზიდენტის შვილიშვილი წერილში 2015 წელს ბრიტანეთში ბიძასთან შეხვედრას იხსენებს და ამტკიცებს, რომ იმჟამინდელი პრეზიდენტი, ანუ პაპა, ნურსულთან ნაზარბაევი, მის წინააღმდეგ აამხედრეს. საბოლოო ჯამში, შვილიშვილმა სწორედ თავისი პაპა დაადანაშაულა იმაში, რომ მისი ოჯახისა და გარემოცვის წევრები ერთმანეთის ბიზნესით დაკავდნენ.

ბოლოს და ბოლოს, ნურსულთან ნაზარბაევმა ვიცე-პრეზიდენტი დარიგა ნაზარბაევა თანამდებობიდან გადააყენა და სამუშაოდ სენატში განაწესა.

შარიპბაევი კი ჩამოაშორეს „ყაზტრანსგაზის“ პრეზიდენტის პოსტს და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში გადაიყვანეს.

სწორედ ეს ისტორია აღმოჩნდა ნაზარბაევ უმცროსზე ზეწოლის კამპანიის დაწყების მიზეზი.

„ამის შემდეგ ისინი ყველგან ეძებდნენ ჩემზე კომპრომატებს, მაგრამ მე არანაირ კორუფციაში არ ვყოფილვარ გარეული. ერთადერთი ჩემი სისუსტეა ნარკოტიკი, რომელიც მე სულის სიმშვიდეს მანიჭებდა აუტანელ სინამდვილეში. მან, დედაჩემმა, და მისმა ამჟამინდელმა ქმარმა კერძო დეტექტივები დაიქირავეს და როდესაც ლონდონში ვიყავი, შეეცადნენ ჩემზე კომპრომატები მოეძებნათ! მაგრამ, ნარკოტიკების გარდა, ვერაფერი იპოვეს“, - წერს ყაზახეთის ექსპრეზიდენტის შვილიშვილი.

ამჟამად, როგორც აისულთან ნაზარბაევი წერს, მისი პასპორტი დედამისის მძღოლს აქვს წაღებული. ექსპრეზიდენტის შვილიშვილი იმედოვნებს, რომ დოკუმენტის დაბრუნებაში პოლიცია დაეხმარება.

2019 წლის შემოდგომაზე ლონდონის სასამართლომ აისულთან ნაზარბაევს პირობითი სასჯელი შეუფარდა პოლიციელზე თავდასხმისთვის.

გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ იგი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სასჯელი ითვალისწინებს გამოსაცდელ ვადას წელიწად-ნახევრით, ფულად ჯარიმას და მკურნალობას ნარკოდამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად.

აისულთან ნაზარბაევმა ფეისბუკში რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა ოჯახის მხრიდან მისი დევნა-შევიწროებისა და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, მაგრამ არც ყაზახეთის ხელისუფლებას და არც დედას, დარიგა ნაზარბაევას, ამ ბრალდებებზე დღემდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG