Accessibility links

ჩინეთში კორონავირუსით ერთ დღეში დაავადდა კიდევ 5 ათასზე მეტი ადამიანი


პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსით ჩინეთში კიდევ 121 ადამიანი გარდაიცვალა და 5090 დაავადდა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის მიერ დღეს, 14 თებერვალს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები 13 თებერვლის მდგომარეობას ასახავს.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1380-ს მიაღწია, ხოლო ინფიცირებულების - 64,435-ს.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა იაპონიაში. 13 თებერვალს ვირუსით 80 წლის ქალი გარდაიცვალა. მანამდე ჩინეთის საზღვრებს გარეთ მხოლოდ ორი ლეტალური შედეგი იყო - ჰონკონგში, რომელსაც ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის სტატუსი აქვს და ფილიპინებზე.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 25-ზე მეტ ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუსის, საერთო ჯამში, 585 შემთხვევა.

პნევმონიის გამომწვევი ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება დეკემბრიდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან. ეპიდაფეთქების გამო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG