Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა ლობისტური კომპანიის დაქირავებაზე: დასავლეთი გაიგებს ჭეშმარიტებას


„დასავლეთი გაიგებს ჭეშმარიტებას და დასავლეთი გაიგებს სიმართლეს ამ არხით და ამიტომ - მხოლოდ პოზიტიური შეფასება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მან მედიის შეკითხვას უპასუხა „ქართული ოცნების“ მიერ ამერიკული ლობისტური კომპანიის დაქირავებასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება ლობისტური კომპანიის დაქირავებას, მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება ეს შევაფასოთ, იმიტომ რომ იმ ზღვა ინფორმაციაში, რაც მიეწოდება დასავლეთს და მთელს მსოფილოს, ძალიან ბევრი არის არასწორი და უსამართლო და ეს არის ძალიან კარგი არხი, რომ სიმართლე ვუთხრათ მთელს მსოფლიოს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში, მათ შორის, რა რეფორმებს ვახორციელებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

13 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია DCI Group AZ, L.L.C.-სთან.

კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება თვეში 33 333 დოლარია.

ამჟამად აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებულია შვიდი კომპანია, რომელიც ლობისტურ სამსახურს უწევს საქართველოს წარმომადგენლებს - ოთხ სამინისტროს, „ქართულ ოცნებას“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

„ქართული ოცნება“ ლობის დახმარებას მიმართავს აშშ-ის კონგრესში საქართველოს მთავრობის მიმართ მზარდი კრიტიკისა და ღია წერილებში „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით“ გამოწვეული შეშფოთების ფონზე.

29 იანვრით დათარიღებულ წერილში სენატორები ჯეიმს რიში და ჯინ შაჰინი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ და საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის, საპროტესტო აქციების „ძალადობრივი ჩახშობისა“ თუ ოპოზიციონერი ლიდერების „დევნის“ გამო. გავლენიანი სენატორები არ გამორიცხავენ, რომ, თუ მთავრობა ვითარებას არ შეცვლის, აშშ-მა შესაძლოა საქართველოსთან პარტნიორობას გადახედოს.

მანამდე პრემიერ-მინისტრ გახარიას კრიტიკული წერილებით მიმართეს კონგრესმენებმა: ადამ კინზინგერმა, ჯერალდ კონოლიმ, ელიოტ ენგელმა, მაიკლ მაკკოლიმ. მათი კრიტიკა შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზებას; ამერიკული და ევროპული კომპანიების შევიწროებას საქართველოში; „ქართული ოცნების“ მიერ ფეისბუკის ყალბი ქსელის დაფინანსებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG