Accessibility links

პარლამენტს შესთავაზეს, გენერალური პროკურორობის კანდიდატს კენჭი განხილვის გარეშე უყარონ


ირაკლი შოთაძე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ბიუროს მიმართა, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის არჩევის საკითხს პლენარულ სხდომაზე კენჭი განხილვის გარეშე უყარონ.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ოხანაშვილმა თქვა, რომ გუშინ, კომიტეტში შოთაძეს 7 საათს უსმენდნენ და ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეკითხვები დაესვა და პასუხები მოესმინა, მათ შორის იმ "უპასუხისმგებლო ჯგუფებსაც, რომლებმაც პერფორმანსი მოაწყვეს".

„აღარ არის მიზანშეწონილი ეს საკითხი ვაქციოთ პოლიტიკურ თემად მხოლოდ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ირაკლი შოთაძეს 17 თებერვალს მოუსმინა. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 10-დან 8 წევრმა.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას იკავებდა 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისამდე. შოთაძე მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს საპროტესტო აქციები მოჰყვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაურკვეველი დარჩა, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე, მაშინ, როცა პროკურატურას კონკრეტული ბრალდებული ჰყავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG