Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე იაგო ხვიჩიას შეხვდა


პარტია „გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, მისი თანაპარტიელი იაგო ხვიჩია 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. როგორც მან აღნიშნა თალაკვაძემ მისწერა ხვიჩიას და შეხვედრა შესთავაზა. „იაგოს მანამდე მასთან ურთიერთობა ჰქონდა, ვიდრე „გადაგვაგდებდნენ“ ჩვენ ყველას“, - აღნიშნა მეგრელიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

მეგრელიშვილმა შეხვედრის თემატიკის შესახებ ილაპარაკა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია განიმუხტოს. რასაც საჯაროდ ვლაპარაკობთ, იგივე საუბარი იყო თალაკვაძესთან. შეხვედრაზე, რომელზეც იაგო ხვიჩია იყო, ვუთხარით, რომ პირველი, რაც ნებისმიერი მოლაპარაკების დაწყებისთვის არის კრიტიკული, ეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა. შეუძლებელია ნებისმიერ თემაზე საუბრის გაგრძელება, მაშინ, როდესაც მეორე მხარე ფიზიკურად გირტყამს. გიგი უგულავას დაჭერა ზუსტად იმ დღეს მოხდა, როდესაც ოპოზიცია მსჯელობდა, რა წინადადებით მისულიყო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე“, - თქვა მეგრელიშვილმა.

„გირჩის“ წევრის თქმით, სიტუაციის განმუხტვისთვის აუცილებელი პირობა უნდა იყოს იმ დაპირების [პროპორციული არჩევნების] შინაარსობრივი შესრულება, რომელიც გაიცა.

„ეს შეიძლება არ იყოს იმ ფორმით, როგორიც არის პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით, მაგრამ აქ უნდა იყოს საუბარი იმაზე, რომ თავისი შინაარსით არჩევნები, რომელიც ჩატარდება, უნდა იყოს პროპორციული. სისტემა, რომელიც გულისხმობს 130 პროპორციულ მანდატს და 20 მაჟორიტარულს, მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარული ნარჩუნდება, თავისი შინაარსით არის პროპორციული არჩევნების ანალოგია“, - თქვა მეგრელიშვილმა.

შეკითხვაზე, რატომ აირჩია ხელისუფლებამ კომუნიკაციისთვის „გირჩი“, მეგრელიშვილი პასუხობს, რომ ამ შემთხვევაში სულ რამდენიმე პარტიაა, რომელსაც „სერიოზულობის შეტანის შესაძლებლობა აქვს“.

„ქართულ ოცნებას“ აქვს იმის ილუზია, რომ პატარა პარტიებს ისეთ რაღაცას შესთავაზებს, რომ ეს მათთვის პრაგმატულად მომგებიანი იქნება და ეს დაშლის ოპოზიციურ ერთობას, რომელიც „ლეიბორისტების“ ოფისში იკრიბება. ასეთი ეჭვი, რა თქმა უნდა, ყველას გაუჩნდება, მათ შორის ჩვენც“, - თქვა მეგრელიშვილმა.

არჩილ თალაკვაძემ 18 თებერვალს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს დიალოგის გზით შეთანხმებას 2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

„ჩვენი მხრიდან კომპრომისული შეთავაზება არის გაკეთებული: 100/50 თანაფარდობა ერთხელ, გარდამავალი სახით, 2020 წელს, რომელიც არსებულთან - 73/77-თან შედარებით მნიშვნელოვან განსხვავებას ქმნის. ეს განსხვავება მეტია, ვიდრე პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია არის დღეს წარმოდგენილი. ოპონენტები აცხადებენ, რომ „ნებისმიერი მოდელით მოიგებენ არჩევნებს“. თუ ასეა, მაშინ გაუგებარია რატომ არ თანხმდებიან უკეთეს შეთავაზებას ვიდრე დღევანდელი სისტემაა“, - აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კი 18 თებერვალს შემდეგი რამ განაცხადა: „კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მმართველი გუნდი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და იმსჯელოს მომავალ საარჩევნო სისტემაზე. შეთანხმება თუ ვერ მოხდება, არჩევნები ჩატარდება არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, შერეული საარჩევნო სისტემით“.

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის გიგი უგულავას დამნაშავედ ცნობის შემდეგ, „ლეიბორისტების“ ოფისში შეკრებილმა ოპოზიციამ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება შეწყვიტა.

ხელისუფლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციური პარტიების დიდი უმრავლესობა მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარს აცხადებს.

XS
SM
MD
LG