Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მხარი დაუჭირა ჟურნალისტებისთვის შემაშფოთებელ ცვლილებას


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ სამი ხმით ორის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დირექტორის, გიორგი კოხრეიძის წინადადებას საშტატო განრიგის შეცვლის შესახებ.

გადაწყვეტილება ძალაში შევა 24 თებერვალს და ოფიციალურად გაუქმდება ოთხი სამსახურის უფროსების მოადგილეთა შტატი. მათ შორის, ცვლილებები ეხებათ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს, მაია მერკვილაძეს და პოლიტიკური ტოქშოუების შემოქმედებითი სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი მურვანიძეს. მათ ჩამოშორებას ჟურნალისტების ნაწილი აფასებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობად და მიიჩნევს, რომ დირექტორი და მრჩეველთა საბჭოს წევრები ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ.

თავად დირექტორი გიორგი კოხრეიძე ამტკიცებს, რომ ცვლილებები ეფექტიანი მართვისთვის სჭირდება, რადგან ხდებოდა მოვალეობების დუბლირება. კოხრეიძის თქმით, შტატების გაუქმება ამ პოზიციებზე დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლებას არ ნიშნავს და ახალ საშტატო განრიგში ყველა გათვალისწინებულია.

გიორგი კოხრეიძის წინადადებას მხარი დაუჭირეს აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ მრჩეველთა საბჭოს წევრებად „ქართული ოცნების“ უმრავლესობის კვოტით არჩეულმა გიგა ჩხარტიშვილმა, თამილა დოლიძემ და სოსო სტურუამ. წინააღმდეგი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტებით არჩეული გია ქარცივაძე და თამარ წილოსანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG