Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო რეჟიმს ადამიანების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში ადანაშაულებს


ცხინვალი

შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიღებული ზომების ერთობლიობა პრობლემებს უქმნის არა მხოლოდ ახალგორის ქართულ მოსახლეობას, არამედ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ყველა ადამიანს, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა: „რა თქმა უნდა, ჩვენს ოს მოსახლეობასაც და პირდაპირ აისახება მათ ჯანმრთელობაზე, მათ საჭიროებებზე. ის, რომ პროდუქტების დეფიციტია, ის, რომ მედიკამენტების დეფიციტის ფონზე კიდევ მედიკამენტების ამოღება ხდება იმ ნიშნით, რომ მათზე ქართული წარწერებია, პირდაპირ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ზომა გახლავთ“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ამბობს, რომ ცხინვალში ყველაფრის დეფიციტია - პროდუქტების, სამედიცინო მომსახურების და, ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვის.

„ცხინვალი, ოსები, ზოგადად, და ნებისმიერი სხვა ხალხი ეთნიკური ჯგუფების მიხედვით, არ წარმოადგენს რუსეთის მხრიდან რაიმე ინტერესს და ეს განცხადება მინდა ჩავიდეს იქამდე - რუსეთისთვის ცხინვალის რეგიონი არის სამხედრო ბაზა“, - უთხრა მედიას ვოლსკიმ.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბოლო დღეებია სხვადასხვა სახეობის პროდუქციის დეფიციტია. რუსეთმა ჩრდილოეთ ოსეთიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში ტვირთის შეტანის წესები გაამკაცრა. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ხუთ თვეზე მეტია დაკეტილია ე.წ. საზღვარი ახალგორის რაიონთან, რომლის გავლით დანარჩენი საქართველოდან პროდუქცია შეჰქონდათ. ამასთან, ბოლო ხანს დე ფაქტო მთავრობამ ადგილობრივ აფთიაქებს ჩამოართვა მედიკამენტები ქართულენოვანი წარწერებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG