Accessibility links

ახალი ამბები

ნუკრი ქანთარია: ვანო მერაბიშვილი არის კალენდრიდან ამოხეული ფურცელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანათარიას შეფასებით, „ვანო მერაბიშვილი არის კალენდრიდან ამოხეული ფურცელი“ და „ორი გვამის პატრონი“ პოლიტიკაში აქტიურად ვერ დაბრუნდება.

„ვანო მერაბიშვილი არის კალენდრიდან ამოხეული ფურცელი და თუ რომელიმე პარტია სიმბოლურად დაიკიდებს, ეს მათი საქმეა და მათი გადასაწყვეტია. დანარჩენი ყველაფერი არის „ბლეფი“. ორი გვამის პატრონი პოლიტიკაში ისე აქტიურად მობრუნდეს, რომ მან ამ მუქარასა თუ დანაქადნებეს ოდნავ მაინც ბიძგი მისცეს, არის აბსოლუტურად გამორიცხული", - უთხრა ჟურნალიტებს ნუკრი ქანთარიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს, 20 თებერვალს დატოვა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულება, სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა.

მერაბიშვილის განცხადებით, აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ერთ წელიწადში დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი

ციხელაშვილი: აფხაზეთიდან გადმოყვანილი ორი ბავშვი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ არის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ლაპარაკობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის შესახებ.

მინისტრის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ერთი პაციენტი მკურნალობს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება სხვა პირებს, ციხელაშვილი ამბობს, რომ „ორი მცირეწლოვანი ბავშვი გადმოიყვანეს გუშინ [31 მარტს] და მათი მდგომარეობა არის ნორმალური. ისინი ამ ეტაპზე არიან სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. იმ ქალბატონთან, რომელსაც დაუდგინდა COVID-19, კონტაქტში მყოფი პირები იდენტიფიცირებულები არიან. ასევე 7 პირი გადმოყვანილია და კონტროლირებად ტერიტორიაზე საკარანტინო ზონაში არიან. ვფიქრობთ, რომ ამ ქალის მოგზაურობის ისტორიასა და მის კონტაქტებთან დაკავშირებით მეტწილად მიღებულია ზომები. ზოგადად, ორივე ტერიტორიაზე ძალიან სახიფათო მდგომარეობაა“.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, წინა დღეებში რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ასობით ადამიანი ჩავიდა. „რადგან ერთმა ქალმა მოგვმართა და მას დაუდგინდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ერთადერთია, რომელსაც კორონავირუსი აქვს“, - თქვა ციხელაშვილმა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით კი ციხელაშვილის შეფასებით, მდგომარეობა შემაშფოთებელია. როგორც მინისტრი ამბობს, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების პასუხი საკმაოდ დესტრუქციულია და ის შეთავაზებებს არ იღებს.

„საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომა იქ არ არის გარდა წითელი ჯვრისა, რომელთანაც აქტიურად ვმუშაობთ, რათა ადგილზე შექმნილი მძიმე მდგომარეობა, სრული იზოლაციის პირობებში მოსახლეობას შევუმსუბუქოთ.

ახალგორის მოსახლეობა კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაშია. ამ სრული იზოლაციის პირობებში სხვა პაციენტებსაც შეუზღუდეს კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვაზე წვდომა კონტროლირებდ ტერიტორიაზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. აღარ ვსაუბრობ ქართული წარწერის მქონე პრეპარატების ამოღებაზე სააფთიაქო ქსელებიდან, ისედაც მედიკამენტების დეფიციტის პირობებში“, - აღნიშნავს ციხელაშვილი.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მოსახლეობას დახმარებოდა. „დღეს უკვე ნაბიჯებს ვდგამთ”, - თქვა მან.

რადიო თავისუფლებას გალში მცხოვრებმა რესპონდენტმა შეატყობინა, რომ ოკუპირებული რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში გამომგზავრება სურდა კიდევ ერთ ქალს, რომელსაც ასევე ჰქონდა ცხელება და ხველა, თუმცა ის ე.წ. მესაზღვრეებმა არ გაატარეს. ინფორმაცია ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა ექიმმა ლალი დარახველიძემ.

კოსოვო აუქმებს 100%-იან გადასახადს სერბეთიდან იმპორტზე, სერბეთი ამას "სიყალბეს" უწოდებს

კოსოვომ განაცხადა, რომ აუქმებს 100-პროცენტიან გადასახადს მეზობელი სერბეთიდან საქონლის იმპორტზე. მაგრამ, ბელგრადის თანახმად, ეს „ყალბი ინფორმაციაა“ და აცხადებს, რომ პრიშტინამ ფაქტობრივად გაამკაცრა ზომები.

1 აპრილიდან სერბეთიდან კოსოვოში შეტანილი ყველა საქონლისთვის საჭირო იქნება მხოლოდ დოკუმენტაცია, „რომელიც შეესაბამება კოსოვოს რესპუბლიკის კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას“, განაცხადა კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ ქურთიმ.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ საბუთებში კოსოვო მოხსენიებული იქნება „კოსოვოს რესპუბლიკად“, რაც კოსოვოს დე ფაქტო აღიარების ტოლფასი იქნებოდა.

სერბეთიდან შეტანილ საქონელზე ასპროცენტიანმა ტარიფმა, რომელიც 2018 წელს იქნა შემოღებული, კოსოვოში შიდა დაპირისპირება გამოიწვია და ქურთის მთავრობა კოლაფსამდე მიიყვანა. მას კოსოვოს დასავლელი მხარდამჭერებიც ეწინააღმდეგებიან.

სერბეთის მთავრობის წარმომადგენელმა მარკო ჯურიჩმა განაცხადა: „ქურთის არ გაუუქმებია გადასახადები. არ მოტყუვდეთ ყალბი ახალი ამბით“. მისი თქმით, სიახლე არ მოახდენს დეესკალაციას და არ აღადგენს იმ ვითარებას, რაც იყო გადასახადების შემოღებამდე.

ზუგდიდის, სენაკისა და ფოთის აგრარული ბაზრები შესაძლოა დაიხუროს

სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის, სენაკისა და ფოთის აგრარული ბაზრების ადმინისტრაციებს აფრთხილებს, უზრუნველყონ ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების შესრულება. რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რწმუნებულის თქმით, ბაზრები დაიხურება.

„ჩვენ არაფერს ვითხოვთ განსაკუთრებულს - ეს არის, ჰიგიენა და დისტანცია. ის, რაც დღეს ბაზრებში ხდება, არის სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან.

ჩვენ ასეთ ვითარებაში ნამდვილად არ გვინდა ეს გადაწყვეტილება მივიღოთ, ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვთ მათ, ნუ გვაიძულებენ ამ გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

მარნეულისა და ბოლნისის მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადების შემდეგ, საპოლიციო კონტროლი სამეგრელოში 29 მარტიდან გამკაცრდა. 31 მარტის დილის 08:00 საათიდან კი ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

1 აპრილის 17 საათის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან აქტიურია - 90.

საქველმოქმედო ტურნირი - NBA-ის კალათბურთელები დისტანციურად ითამაშებენ

კორონავირუსით გამოწვეული იძულებითი პაუზის პერიოდში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კლუბებს შორის კომერციული მინიტურნირი გაიმართება, ოღონდ ერთკვირიანი შეჯიბრება ისე ჩაივლის, რეალურად საკალათბურთო მოედანზე არავინ გავა. თანამედროვე მსოფლიოს კალათბურთის ვარსკვლავები 4 აპრილიდან კომპიუტერებს მიუსხდებიან და ვიდეოთამაშ 2K20 NBA-ის შეჯიბრებაში ჩაებმებიან. 11 აპრილს კი უკვე ჩემპიონი გამოვლინდება.

NBA 2K ტურნირი საქველმოქმედო იქნება და ჩემპიონი მთავარ ჯილდოს - ასი ათას დოლარს კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლ რომელიმე ორგანიზაციას გადასცემს. უკვე გადაწყვეტილია, რომ თამაშების ტრანსლაცია ტელეარხებზე - ESPN-სა და ESPN2-ზე შედგება.

კონკურენციაში NBA-ის თექვსმეტი მოთამაშე ჩაებმება. ისინი ამ თამაშის რეიტინგის მიხედვით დანომრეს. წილისყრაც რეიტინგის გათვალისწინებით მოეწყო. მონაწილეთა შორის არიან კევინ დურანტი და დონოვან მიტჩელიც, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს.

ტურნირის პირველ და მეორე ეტაპებზე გამარჯვებულის ბედს თითო შეხვედრა გამოავლენს. ნახევარფინალები და ფინალი კი სამ მოგებამდე გაიმართება.

აქვე მერვედფინალური წყვილებიც:

  • კევინ დურანტი („ბრუკლინი“) - დერიკ ჯონსი („მაიამი“)
  • ტრაე იანგი („ატლანტა“) - ჰარისონ ბარნსი („საკრამენტო“)
  • ჰასან ვაიტსაიდი („პორტლენდი“) - პატრიკ ბევერლი („კლიპერსი“)
  • დონოვან მიტჩელი („იუტა“) – რუი ჰაჩიმურა („ვაშინგტონი“)
  • დევინ ბუკერი („ფინიქსი“) – მაიკლ პორტერი („დენვერი“)
  • ანდრე დრამონდი („კლივლენდი“) - დემარკუს კაზინსი („ლეიკერსი“)
  • ზაკ ლავინი („ჩიკაგო“) – დეანდრე აიტონი („ფინიქსი“)
  • მონტრეზლ ჰარელი („კლიპერსი“) – დომანტას საბონისი („ინდიანა“)

საქართველოში ონლაინგაყიდვებიც შეწყდა

საქართველოში ონლაინგაყიდვებიც შეწყდა. დისტანციურად ვერაფერს იყიდით. გამონაკლისია მზა საჭმელი, თუ კვების ობიექტი კლიენტს სახლში მიუტანს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

მაგალითად, შესაძლებელია გამომცხვარი პიცის ან წვნიანის შეკვეთა, მაგრამ ვერ იყიდით წიგნს, სათამაშოს და ა.შ.

საქართველოში ეს შეზღუდვა ორი დღის წინ, მთავრობის 30 მარტის დადგენილებით საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, 21 აპრილამდე შეიზღუდა.

წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია (იურიდიული პირი) 15 ათასი ლარით ჯარიმდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმდება ანდა საქმიანობის უფლება ეზღუდება.

გომელაური: მთავრობა საპატრიარქოსთან კოორდინაციაშია რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთლიანად მთავრობა საპატრიარქოსთან კოორდინაციაშია, თუმცა წინასწარ დაგეგმილი არაფერია:

"გავიარეთ სხვადასხვა მიმართულებით, ახლა აღდგომა მოდის. ჯერ 2 კვირაა იქამდე. ამაზე შევჯერდებით, თუ როგორ ჩატარდება ყველაფერი. ველოდებით, 2 კვირაში რა იქნება, არავინ არ იცის, ჩვენ კი არა, მსოფლიოში რა იქნება, ეგ არ ვიცით, წინასწარ ვერ დავგეგმავდით ნამდვილად", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მან ჟურნალისტების შეკითხვებს შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოების მონახულების შემდეგ უპასუხა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

1 აპრილის 16 საათის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან აქტიურია - 90.

2 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.24 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

2 აპრილისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - ​3.2413 ლარი (1 აპრილი - 3.2816);
  • 1 ევრო - 3.5460 ლარი (1 აპრილი - 3.5960);
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 4.0127 ლარი (1 აპრილი - 4.0584);
  • 100 რუსული რუბლი - 4.1164 ლარი (1 აპრილი - 4.2022);
  • 1 თურქული ლირა - 0.4864 ლარი (1 აპრილი - 0.5003).

1 აპრილის Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.2000 ლარი.

31 მარტიდან საქართველოში დროებით შეწყდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად, სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო ზონაა შექმნილი.

1 აპრილის 17:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 115 შემთხვევა, მათგან 23 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამიანი. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 301.

ბელარუსი უარყოფს კორონავირუსის პირველ მსხვერპლს

ვიქტორ დაშკევიჩი

ბელარუსის ხელისუფლება აცხადებს, რომ 30 მარტს ვიტებსკში გარდაცვლილი პირის სიკვდილის მიზეზი არ იყო კორონავირუსი და, ამგვარად, უარყოფს ქვეყანაში კორონავირუსის პირველი მსხვერპლის არსებობას.

ცნობილი მსახიობის, ვიქტორ დაშკევიჩის ნათესავებმა 31 მარტს მიიღეს აუტოფსიის საბუთები, რომლის მიხედვითაც, 75 წლის პაციენტის სიკვდილის მიზეზი იყო „დაუზუსტებელი პნევმონია“.

ბელარუსის დამსახურებული არტისტი, ვიქტორ დაშკევიჩი 21 მარტს მოათავსეს საავადმყოფოში პნევმონიით, მას ფილტვების ქრონიკული დაავადება აწუხებდა. მისთვის კორონავირუსზე ჩატარებული ორი ტესტიდან ერთ-ერთი პოზიტიური აღმოჩნდა.

კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ბელარუსის მიდგომას გაუმჭვირვალობისთვის აკრიტიკებენ. ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს მედიაზე, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს პრეზიდენტ ლუკაშენკოს პოლიტიკას კორონავირუსთან ბრძოლის საკითხში.

ამჟამად ბელარუსში, ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია 163 ინფიცირებული.

შს მინისტრი: საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 350-მდე პირი დავაჯარიმეთ

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, 21 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით წესების დარღვევისთვის 350-მდე ადამიანი და 15-მდე კომპანია დააჯარიმეს. ამის შესახებ მან ჯარიმებზე საუბრის დროს განაცხადა.

ამ 350 ადამიანს შორის 17 გუშინ, 31 მარტს კომენდანტის საათის წესების დარღვევის დროს დააჯარიმეს.

"ჩვენ მეტს ველოდებოდით დარღვევებს", - თქვა მინისტრმა საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევებზე საუბრის დროს.

საქართველოში კომენდანტის საათი გუშინ, 31 მარტს, 21:00 საათიდან ამოქმედდა. წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 ათასი ლარით ჯარიმდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ფიზიკურ პირს აპატიმრებენ, კომპანიას აჯარიმებენ ანდა საქმიანობას უჩერებენ.

შს მინისტრი: კომენდანტის საათის დარღვევისთვის 17 ადამიანი დავაჯარიმეთ

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, გუშინ, 31 მარტს კომენდანტის საათის დარღვევისთვის 17 ადამიანი დააჯარიმეს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ თქვა.

"ჩვენ მეტს ველოდებოდით დარღვევებს", - თქვა მინისტრმა საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევებზე საუბრის დროს.

საქართველოში კომენდანტის საათი გუშინ, 31 მარტს, 21:00 საათიდან ამოქმედდა. წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 ათასი ლარით ჯარიმდება.

ცქიტიშვილი: 14-მილიარდიანი ბიუჯეტიდან 2-ის გამოყოფა სხვა ხარჯების შემცირებას გამოიწვევს

მაია ცქიტიშვილი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიარდი ლარის გამოყოფა ნიშნავს იმას, რომ თანხები შესაბამისად შემცირდება მთელი წლისთვის დაგეგმილ ინიციატივებსა და პროგრამებზე:

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 14-მილიარდიანი ბიუჯეტიდან 2 მილიარდის გამოყოფაზე, გასაგებია და გვესმის, რომ ძალიან ბევრი ის ინიციატივა, რომელიც ჩვენ გვქონდა გაჟღერებული მთელი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი ის პროგრამა, რომელიც ჩვენ გვქონდა გათვალისწინებული და რომელიც სრულდება, ასევე მიმდინარე და ადმინისტრაციული ხარჯები, რომელიც იყო გათვალისწინებული, ჩვენ მოგვიწევს ამ მუხლების ნაწილში ხარჯების შემცირება“, - განაცხადა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მაია ცქიტიშვილმა. მისი თქმით, მთავრობა მიმდინარე საბიუჯეტო ხარჯების შემცირების გარდა, განიხილავს ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებასაც.

მაია ქციტიშვილის განმარტებით, კრიზისული ბიუჯეტი საბოლოო ფორმას მას შემდეგ მიიღებს, რაც გამოიკვეთება დაავადებასთან ბრძოლის პერიოდი და ის სიმძიმე, რომელიც ბიზნესის ამა თუ იმ სექტორს დააწვება.

მაია ცქიტიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეკონომიკის მხარდაჭერის 2-მილიარდიანი პაკეტის მიწოდებით ბიზნესი სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება მოქალაქეებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ეს თანხა მიმართული იქნება სამუშაო ადგილების, კომპანიების, მიმდინარე წარმოებებისა და ბიზნესების შესანარჩუნებლად.

გიორგი გახარიას განმარტებით, ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად, ჯანდაცვის მიმართულებით ცალკე გამოიყო 351 მილიონი ლარი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

1 აპრილის 15 საათის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან აქტიურია - 90.

მოსკოვის ხელისუფლებას მობილური აპლიკაციით შეუძლია მომხმარებელთა ტელეფონების კონტროლი

მოსკოვის ხელისუფლებამ ახალი მობილური აპლიკაცია გამოუშვა კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინის პერიოდში ქალაქის მოსახლეობის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად. აპლიკაცია აგროვებს მომხმარებლის ტელეფონისთვის ხელმისაწვდომ ყველა ინფორმაციას და დაუშიფრავად გზავნის პროგრამის შემქმნელთა სერვერზე.

აპლიკაცია „სოციალური მონიტორინგი“ Google Play-ის ონლაინმაღაზიიდან შეიძლება ჩამოიტვირთოს Android-ის ტელეფონებზე. ტელეფონზე ჩამოტვირთვის შემდეგ აპლიკაცია აგროვებს GPS-ის სანავიგაციო სისტემისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას ნებისმიერ დროს, მას წვდომა აქვს კამერასა და ფოტოგალერეაზე, სატელეფონო ზარებისა და ჩართვების ისტორიაზე.

პროგრამას შეუძლია გააკონტროლოს ტელეფონზე ჩამოტვირთული ნებისმიერი ინფორმაცია და ტელეფონთან მიერთებული ნებისმიერი მოწყობილობა, მაგალითად, „ფიტნეს ტრეკერი“.

როგორც კომპიუტერული ტექნიკის სპეციალისტები შენიშნავენ, აპლიკაცია „სოციალური მონიტორინგი“ მოსკოვის მერიას მონაცემებს აწვდის დაუშიფრავად. ეს ნიშნავს, რომ ის ბოროტი განზრახვით შეიძლება იქნეს გამოყენებული იმათ მიერაც, ვისაც არაფერი აქვს საერთო ქალაქის ხელისუფლებასთან.

მომხმარებლებმა რამდენიმე საათში მინიმუმამდე დაიყვანეს აპლიკაციის შეფასება, რის შემდეგაც Google Play-ზე შეწყდა მასზე პირდაპირი წვდომა.

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა რეგიონის მცხოვრებთ რუსეთთან "საზღვარს" უკეტავს

როკის გვირაბი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეებს აუკრძალა რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა.

სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, 2 აპრილიდან შეჩერდება მოქალაქეთა გაშვება „ქვემო ზარამაგი-რუკის“ პუნქტიდან. დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შეზღუდვა არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს. გამონაკლისი დაიშვება იმ პირებისთვის, რომლებიც რუსეთში „მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარების მისაღებად“ მიემგზავრებიან.

ამასთან, რუსეთიდან დაბრუნება შეუძლიათ „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეებს, რომლებიც 14-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას ექვემდებარებიან.

ბიბილოვის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთში“ კორონავირუსის გავრცელების რისკი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ჩრდილოეთ ოსეთში დაფიქსირდა COVID-19-ით დაავადების შემთხვევები.

დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა, დინა გასიევამ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ფეისბუკზე ასე განმარტა: „გამოირიცხება შესაძლებლობა, საზღვრის გადაკვეთისას გამოყენებული იყოს ხვრელი, რომელსაც გვიტოვებს ორმაგი მოქალაქეობა. ჩვენ ვეღარ შევძლებთ გაუთავებლად აქეთ-იქით სიარულს - რუსეთში რუსული პასპორტით და უკან სამხრეთოსურით. ამიტომ, თუ ვინმე აპირებს, რომ რუსეთში გაემგზავროს და დაბრუნებას არ გეგმავს, ეს დღეს უნდა გააკეთოს“.

რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში COVID-19-ით დაავადდა სულ 2777 ადამიანი. გარდაცვლილია 24.

კორონავირუსის გამო, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 12 აპრილამდე დახურულია სავაჭრო და გასართობი ობიექტები და სასწავლო დაწესებულებები. შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მუშაობენ მხოლოდ სურსათის მაღაზიები და აფთიაქები.

დე ფაქტო ხელისუფლებას დაკეტილი აქვს დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი.

გაბუნია: ვმუშაობთ იმ აპლიკაციის დანერგვაზე, რომელიც მოქალაქეს ინფიცირებულთან სიახლოვისას გააფრთხილებს

თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოში იმ მობილური აპლიკაციის დასანერგად, რომელიც მოქალაქეებს შესაძლო ინფიცირებულ პირთან სიახლოვის შემთხვევაში გააფრთხილებს.

"რა თქმა უნდა, ჩვენთანაც იგეგმება ამ მოდელის დანერგვა. ჩვენ გვაქვს ავსტრიულ მხარესთან კოორდინაცია, ამ მიმართულებით. მათ გაგვიზიარეს თავიანთი მოდელი, ახლა მიმდინარეობს სამუშაო იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდეს ამ მოდელის ადაპტირება და ტექნიკური უზრუნველყოფა იმისთვის, რომ დაინერგოს ჩვენთანაც ეს მოდელი", - განაცხადა თამარ გაბუნიამ 1 აპრილს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. აღნიშნული შეკითხვით მას „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა.

1 აპრილის 13 საათის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 115 შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 23.

დადასტურებული 115 შემთხვევიდან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 90 აქტიური შემთხვევაა.

რუსეთში გადაიდო ჯარში საგაზაფხულო გაწვევა

ათასობით ახალ წვევამდელს, რომლებსაც რუსეთის არმიაში სამსახური უნდა დაეწყოთ, დღეს გამოუცხადეს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო სახლში დარჩნენ და დაიცადონ.

თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ შეაჩერა რეგულარული საგაზაფხულო გაწვევა, რომელიც 1 აპრილს უნდა დაწყებულიყო. მისი თქმით, გაწვევის კომისია ახალ წვევამდელებს სამხედრო ნაწილებში გაგზავნის არაუადრეს 20 მაისისა.

თავდაპირველი გეგმით გაწვევა 1 აპრილიდან 15 ივლისამდე უნდა ჩატარებულიყო.

რუსეთში 12-თვიანი სამხედრო სამსახური სავალდებულოა 18-27 წლის ასაკის ყველა მამაკაცისთვის, ზოგიერთი გამონაკლისით.

გაწვევა წარმოებს წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

გაწვევისთვის თავის არიდება რუსეთში სისხლის სამართლის დანაშაულია და ორ წლამდე პატიმრობით ისჯება.

მეზობელმა ყაზახეთმა და უკრაინამ გასულ თვეში გამოაცხადეს, რომ გაზაფხულის გაწვევა გადაიდება.

კახეთში სურსათის მაღაზია გაქურდეს

მაღაზია, საიდანაც სურსათი მოიპარეს

სურსათის მაღაზია გაქურდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში. წინასწარი ინფორმაციით, მოპარულია საკვები პროდუქტი, ტკბილეული, თამბაქოს ნაწარმი და ალკოჰოლური სასმელები.

მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ მძარცველებმა შენობას სახურავის ნაწილი გადახადეს და მაღაზიაში ამ გზით შეაღწიეს. ქურდობა წუხელ მოხდა. ამ დროს საქართველოში უკვე მოქმედებდა 31 მარტს 21:00 საათიდან გამოცხადებული კომენდანტის საათი.

რადიო თავისუფლებას შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ქურდობას გულისხმობს. პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

ლევან რატიანი: დღეს ჩვენს კლინიკას დატოვებს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი

ლევან რატიანი

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თანახმად, კლინიკას მოთავსებიდან მე-14 დღეს ტოვებს ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმე იყო.

ლევან რატიანის განმარტებით, ინფიცირებულს ანამნეზში ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევაში ლეტალობის პირველ რისკფაქტორებად განიხილავს. ექიმის თანახმად, სტაციონარში მოთავსებისას პაციენტს აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა.

ლევან რატიანი ასეთი პაციენტის განკურნებას ქართული მედიცინის კიდევ ერთ გამარჯვებად მიიჩნევს:

„არსებობს რაღაც შკალები, ასეთი შკალების შეფასებით ასეთი შემთხვევა 97%-ში ლეტალობით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ეს ქალბატონი გადარჩა. ეს პაციენტი 2 კვირა თვითიზოლაციაში გადავა და ამის შემდეგ გაარგძელებს ისე ცხოვრებას, როგორც მანამდე ცხოვრობდა“, - უთხრა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ამ დროისთვის თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის, 62 წლის მარნეულელი ქალი. ლევან რატიანი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ამ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მკვეთრადაა გაუმჯობესებული.

1 აპრილის 13 საათის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 115 შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 23.

დადასტურებული 115 შემთხვევიდან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 90 აქტიური შემთხვევაა.

ელექტროენერგიის სამი თვის გადასახადი 1 200 000-ს ოჯახს უნდა აუნაზღაურდეს

საქართველოში 1 200 000 ოჯახია, რომელიც თვეში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს და მათ სახელმწიფო აუნაზღაურებს მარტის, აპრილისა და მაისის გადასახადს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა. მისი განმარტებით, ანაზღაურდება წყლის და დასუფთავების გადასახადიც.

სახელმწიფო სამი თვის დარიცხულ გადასახადს გადაუხდის იმ აბონენტებსაც, რომლებიც თვეში ხარჯავენ 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ გაზს. მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ამ შეღავათით ისარგებლებს 671 000 ოჯახი.

საქართველოს მთავრობამ მოქალაქეთა კონკრეტული ნაწილისთვის გადასახადების გადახდის გადაწყვეტილება კორონავირუს COVID-19-ის გავრცელებით შექმნილი ვითარების გამო მიიღო.

პაატა იმნაძე: ჩემი კოლეგა გმირია, ყველაფერი გააკეთა, რომ პაციენტისთვის მოევლო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მედდა, რომელიც პაციენტისგან დაინფიცირდა კორონავირუსით COVID-19, გმირია.

„ჩემი ეს კოლეგა არის გმირი. იმიტომ, რომ ის ემსახურებოდა პაციენტს, ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს, რომელთანაც ფიზიკურად კონტაქტი იყო გაძნელებული. ამ ადამიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ ამ პაციენტისთვის მოევლო. რა თქმა უნდა, მან ვერ შეძლო ბოლომდე დაცული ყოფილიყო უშუალო ფიზიკური კონტაქტისგან ამ პაციენტთან. გამგები გაიგებს იქ რა ხდებოდა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის თქმით, მედდის ყველა კონტაქტი მიკვლეულია და ყურადღების ქვეშაა.

30 მარტს, ახალი კორონავირუსით ინფიცირება ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მედდას დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, მედდის დაინფიცირების მიზეზი, სავარაუდოდ, დაუმორჩილებელი პაციენტი გახდა. მისივე თქმით, ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომელი მკაცრად იცავდა პროტოკოლით დადგენილ წესებს, თუმცა სამედიცინო პერსონალი მაღალი რისკის ქვეშაა და ამისგან არ არის დაცული.

1 აპრილის 14 საათის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 115 შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 23.

დადასტურებული 115 შემთხვევიდან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 90 აქტიური შემთხვევაა.

გუტერეში: კორონავირუსი ყველაზე დიდი კრიზისია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა კორონავირუსს უწოდა ყველაზე დიდი გლობალური კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და განაცხადა, რომ პანდემიასთან ბრძოლა მოიტანს რეცესიას, "როგორსაც, ალბათ, პარალელი არ აქვს ახლო წარსულში".

გუტერეში ამ განცხადებებით გამოვიდა 31 მარტს, COVID-19-ის სოციო-ეკონომიკური შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენის დროს. ანგარიშის დასკვნით, არსებობს საფრთხე, რომ კორონავირუსის და ჯანდაცვის ზომების ეკონომიკური შედეგების კომბინაცია მოიტანს "გაზრდილ არასტაბილურობას, გაზრდილ არეულობას და გაზრდილ კონფლიქტს".

გუტერეშის განცხადების ფონია ჩინეთის მიერ 31 მარტს გავრცელებული ცნობა, რომ 31 მარტს კვლავ მოიმატა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა, რითიც შეიცვალა კლების ოთხდღიანი ტენდენცია. ჩინეთი, სადაც ვირუსი პირველად აღმოაჩინეს გასული წლის ბოლოს, აცხადებს, რომ ყველა ახალი შემთხვევა ქვეყანაში გარედან იქნა შეტანილი.

მსოფლიოს გარშემო კორონავირუსს 40,700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, - იუწყება ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი 31 მარტს. ამავე მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა გლობალურად 826,000-ს აჭარბებს.

გაბუნია: გვაქვს ანტისხეულზე დამყარებული 4 000 და ანტიგენზე დამყარებული 2 000 სწრაფი ტესტი

თამარ გაბუნია

ამ დროისათვის საქართველოში არის ანტისხეულზე დამყარებული 4 ათასი ტესტი და ანტიგენზე დამყარებული 2 ათასი სწრაფი ტესტი, რომელსაც ტესტირებისთვის ანალიზატორი სჭირდება. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისი განმარტებით, უახლოეს მომავალში ქვეყანაში დამატებით შემოვა 2000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი, რომლით ტესტირებაც ანალიზატორის გარეშეა შესაძლებელი და მის გამოყენებას კლინიკები მარტივად შეძლებენ:

„თითოეულ კლინიკაზე უკვე გამოყოფილია ის ლაბორატორია, რომელიც გარდა ლუგარის და სხვა ლაბორატორიებისა, გააკეთებს საკონტროლო ტესტირებას. ამ შემთხვევაში ჩვენ თავდაპირველად მაინც აუცილებლად მოგვიწევს ხარისხის დასაზუსტებლად კონტროლის მექანიზმის გამოყენება და დადებითი პასუხის გადამოწმება PCR ტესტირებით. ეს სქემა უკვე აწყობილია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრის მოადგილის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა ახალ კორონავირუსზე ტესტირების ახალი ალგორითმი, რომელიც განსაზღვრავს ტესტირების ჯგუფებს და მეთოდებს. კერძოდ, ახალი ალგორითმის თანახმად, ტესტირებას პაციენტთა 3 ჯგუფი ექვემდებარება: სიმპტომური პაციენტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საეჭვო შემთხვევის განმარტებას; პირები, რომელთაც მოგზაურობის ანამნეზი არ აქვთ და სამედიცინო დაწესებულებებს ცხელებით მიმართავენ და მაღალი რისკის პირები კონტაქტებით და სამედიცინო პერსონალი.

1 აპრილის 13 საათის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 115 შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 23.

დადასტურებული 115 შემთხვევიდან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 90 აქტიური შემთხვევაა.

ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს COVID-19-თან საბრძოლველად თანამშრომლობისკენ მოუწოდეს

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე, ევროკავშირის წარმომადგენელი ტოივო კლაარი

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან დისკუსიის მონაწილეებს მოუწოდეს, ითანამშრომლონ COVID-19-ის პანდემიის გამო.

თანათავმჯდომარეთა განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაზე თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობენ და რომელ ენაზე ლაპარაკობენ.

ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლებმა, ტოივო კლაარმა, რუდოლფ მიხალკამ და ჯიჰან სულთანოღლუმ ჟენევის დისკუსიის მონაწილეებს მიმართეს, გვერდით გადადონ უთანხმოება და უზრუნველყონ, რომ ყველას ჰქონდეს წვდომა ტესტირებასა და მკურნალობაზე.

საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის დახმარება გაუწიოს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას.

ბოლო დღეებში, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რამდენჯერმე გახსნა 14 მარტიდან დაკეტილი ე.წ. საზღვარი და საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა მისცა ათამდე მოქალაქეს.

1 აპრილის 14:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება გალის რაიონის მცხოვრები, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. კიდევ ერთი გალელი პაციენტის ტესტირების პასუხს დღის ბოლომდე ელოდებიან. ოკუპირებული გალის რაიონიდან სამეგრელოს რეგიონში კარანტინის გასავლელად გადმოიყვანეს 7 მოქალაქეც, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ დაინფიცირებულ ქალთან.

დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი დაკეტილი აქვს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებასაც.

საქართველოში 23-მდე გაიზარდა COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი

საქართველოში კიდევ ერთი, 23-ე პაციენტი განიკურნა კორონავირუს COVID-19-ისგან. განახლებული მონაცემები 1 აპრილს, 13:00 საათისთვის გამოქვეყნდა სამთავრობო ვებსაიტზე stopcov,ge.

თებერვლის ბოლოდან ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების სულ 115 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. 23 გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 90 აქტიური შემთხვევაა.

1 აპრილის 13:00 საათის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5783 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 301.

დამტკიცდა იმ საწარმოების ჩამონათვალი, რომელთაც საქმიანობის გაგრძელება შეუძლიათ

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა იმ მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მუშაობის უფლება არ ეზღუდებათ.

ამ ჩამონათვალში ქვეყნის მასშტაბით სულ 67 საწარმო მოხვდა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან აქტიურია - 91.

აშშ-ში 4,000-ს გადააჭარბა კორონავირუსის პანდემიის მსხვერპლთა რიცხვმა

1 აპრილის მონაცემებით, აშშ-ში 4,000 ადამიანს გადააჭარბა კორონავირუსის პანდემიის მსხვერპლთა რიცხვმა - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელები გააფრთხილა, რომ "ძალიან რთული ორი კვირა" კიდევ წინ არის.

აშშ-ში 1 აპრილისთვის აღრიცხულია 4,079 გარდაცვალება COVID-19-ით, ანუ რესპირატორული დაავადებით, რომელსაც ახალი კორონავირუსი იწვევს, - იუწყება ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი. ინფიცირებულია 190,000 ადამიანზე ოდნავ ნაკლები.

დიდი ქალაქების სიახლოვეს ხელისუფლება აშენებს საგანგებო დროებით საავადმყოფოებს, რათა შეამსუბუქოს ზეწოლა ჯანდაცვის არსებულ ინფრასტრუქტურაზე. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მომავალ კვირებში ვითარება გაუარესდება და დაღუპულთა საერთო რიცხვმა შესაძლოა 240,000-ს მიაღწიოს, მაშინაც კი, თუკი ამერიკელები კვლავ შინ დარჩებიან და სხვა ადამიანებთან ფიზიკურ კონტაქტს შეამცირებენ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG