Accessibility links

logo-print logo-print

სოფიო ქაცარავა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად დანიშნეს


დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად სოფიო ქაცარავა დაინიშნა, - იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სოფიო ქაცარავამ 14 ნოემბერს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა, მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა ჩააგდო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

16 ნოემბერს კი ქაცარავამ პარლამენტის წევრის მანდატი დატოვა. „დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარმატებები ვუსურვო ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემს ქვეყანას!“ - წერდა სოფიო ქაცარავა „ფეისბუკზე“.

ქაცარავას გარდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ორი ელჩის დანიშვნის შესახებ იტყობინება. საბერძნეთის რესპუბლიკაში - დავით დონდუა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკვე ოფიციალურად დაინიშნა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG