„საქართველოს მაოხრებელმა ივანიშვილმა გამოაცხადა თავისი მორიგი დიდი მავნებლობა - ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის გაყიდვა“, - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადების შესახებ ვიდეომიმართვა გაავრცელა.
სააკაშვილი ქუთაისში პარლამენტის გადატანას საქართველოსთვის საშვილიშვილო საქმეს უწოდებს.
„ის აძლიერებს დასავლეთ საქართველოს. საქართველო უნდა იყოს ძლიერი, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. ეს არის მიმართული აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ და აფხაზეთის დაბრუნებას ემსახურება სტრატეგიულად. ეფუძნებოდა ლაზიკის პორტის სტრატეგიას. ეფუძნებოდა ქუთაისის და ზოგადად იმერეთის, სამეგრელოს სწრაფ განვითარებას, სვანეთის სწრაფი განვითარების ჩემეულ ხედვასა და სტრატეგიას. ივანიშვილს უნდა ეს ყველაფერი გააჩეროს და მოსპოს. მისი ამოცანაა სუსტი, გავერანებული საქართველო. დამაქცევარი ივანიშვილი და მისი მოღალატე ჯგრო აუცილებლად ჩამოშორდება ხელისუფლებას. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დააბრუნებს პარლამენტს ქუთაისში“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მთავრობა ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვას გეგმავს. ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაადასტურა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია.
საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის დეკემბერში დაასრულა მუშაობა ქალაქ ქუთაისში, რომელიც კონსტიტუციით 2012 წლიდან იყო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი.
პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ინიციატივა იყო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული ცვლილებებით, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 16 დეკემბრიდან, კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილსამყოფელი მითითებული აღარ არის. ამასთან, პარლამენტის რეგლამენტით, მისი ადგილსამყოფელია საქართველოს დედაქალაქი - თბილისი.
დაწერეთ კომენტარი