Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე ბრუნდება - ცნობილია, სად გაივლიან კარანტინს


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, დღეს, 21 თებერვალს, ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდება. როგორც მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს უთხრა, ისინი პრევენციის მიზნით, საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში ორ კვირიან კარანტინს გაივლიან.

„არცერთ მათგანს ამ წუთის მდგომარეობით არ უფიქსირდებათ არავითარი ნიშანი იმისა, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი, თუმცა სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ შევაფასებთ მათ მდგომარეობას, გათვალისწინებულია კარანტინის გავლა... ამ შემთხვევაში, კარანტინის გავლა მოხდება სასტუმროს ტიპის კომპლექსში, რომელიც არსებობს საჩხერის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის იდეალური ადგილი. იმ შემთხვევაში, თუკი იქნება სამედიცინო ჩარევის შესაძლებლობა, მარტივად შეიძლება მოქალაქის გადმოყვანა სამედიცინო დახმარების მისაღებად, თუმცა ამ მომენტისათვის, არავითარი საჭიროება მათ სამედიცინო დახმარების არ აქვთ, მაგრამ კარანტინის გავლა მნიშვნელოვანია“, - ამბობს თამარ გაბუნია.

მოქალაქეებს საჩხერეში დღესვე გადაიყვანენ. კარანტინის ვადად ორი კვირა არის განსაზღვრული. აეროპორტში მათ მდგომარეობას წინასწარ შეაფასებენ - რომელიმე მათგანი ხო არ საჭიროებს ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანას.

მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში სხვადასხვა ადგილზე იმყოფებოდნენ.

„უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მოხერხდა მათთან დაკავშირება იმის თაობაზე, ჰქონდათ თუ არა მათ საქართველოში დაბრუნების სურვილი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. ცნობილია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილი თავად ტრანზიტული რეისებით დაბრუნდა ქვეყანაში სხვადასხვა დროს. ასევე ის მოქალაქეები, ვინც იმყოფებოდნენ მაღალი რისკის ზონაში, საფრანგეთის და თურქეთის მთავრობის ხელშეწყობით კარანტინის შემდეგ უკვე დაბრუნდნენ ქვეყანაში“, - თქვა გაბუნიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG