Accessibility links

გახარია ტატუნაშვილზე: პატივს მივაგებთ გმირობის ბოლო ფაქტის ჩამდენ ადამიანს


არჩილ ტატუნაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 2 წლის წინ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს წილკანში ეწვია. თითოეული მოქალაქის და სახელმწიფოს ვალდებულებაა, გვახსოვდეს და ყველაფრით გვერდით ვედგეთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, - განაცხადა მან. არჩილ ტატუნაშვილის მოკვლიდან გასული 2 წლის თავზე გახარიამ განაცხადა, რომ მისი ხსოვნა არის ის, რაც ყველას უნდა გვაერთიანებდეს:

„ეს ქვეყანა ყველასია და ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს ცხოვრებაში აღარ იყოს. მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები რომ აღარ იქნება ჩვენს ცხოვრებაში ჩვენ გვქნება შესაძლებლობა, რაღაც ხიდები აღვადგინოთ. ჩვენი საბოლოო მიზანი და არჩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანიც ხომ რა იყო?! ქვეყნის გაერთიანება! მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ შრომით, მშვიდობიანად და არა ტრაგიკული მსხვერპლით, ომით და უბედურებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს ისტორიაში გმირობის ბოლო ფაქტის ჩამდენი ადამიანია.

არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად დღეს, 22 თებერვალს წილკანში მისი სახელობის სკვერი გაიხსნა.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს. 23 თებერვალს ცხინვალში იგი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საქართველოს პროკურატურის თანახმად, იგი აწამეს 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო. არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ოკუპირებული ცხინვალიდან მხოლოდ 20 მარტს მოხერხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG