Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქანთარია მოზარდის გატაცებაზე: ტანკით ვერ შევალთ, უარესს ვერ დავიმართებთ


„ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას თქმით, ხელისუფლება ძალის გამოყენებით ვერ დაიბრუნებს საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალის ტყიდან გატაცებულ მოზარდს.

„ტანკით ვერ შევალთ, ბუნებრივია, და უარესს ვერ დავიმართებთ... მაქსიმალურად, რაც შეიძლება, ბუნებრივია, ჩართული იქნება ამ შემთხვევაში ხელისუფლება“, - უთხრა ჟურნალისტებს ნუკრი ქანთარიამ, იუნკრების ხსოვნის დღისადმი პარლამენტში გამართული ღონისძიების ფარგლებში.

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კირბალის ტყეში, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მოზარდი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი - ასეთ ინფორმაციას ფლობენ მისი ახლობლები და თანასოფლელები.

ალეკო შიუკაშვილი ტყეში შეშის შესაგროვებლად თანასოფლელებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. თანმხლებმა პირებმა გამოქცევა შეძლეს, ხოლო შიუკაშვილი (მარტში გახდება 17 წლის) საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და ჯერ ოკუპირებულ ღრომის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, ხოლო იქიდან - დე ფაქტო უშიშროების სამსახურს გადასცეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

„ჩემი ინფორმაციით, გატაცებული ახალგაზრდა ტყეში, სადაც საოკუპაციო ხაზია გავლებული, შეშის მოსაპოვებლად იყო გადასული. ბიჭი სოციალურად დაუცველია“, - განაცხადა გორის მერის წარმომადგენელმა სოფელ კირბალში, დავით ცერცვაძემ.

ალეკო შიუკაშვილი 22 თებერვალს გაიტაცეს. ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 23 თებერვალს დილით დაადასტურეს.

„ვადასტურებთ ერთი პირის უკანონო დაკავების ფაქტს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია. მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირის გასათავისუფლებლად“, - განაცხადეს უწყებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG