Accessibility links

კორონავირუსის გამო საქართველოში მომუშავე ჩინურ კომპანიებს შეზღუდვა დაუწესეს


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპანიებს მოთხოვა, დროებით თავი შეიკავონ ჩინეთიდან დამატებითი სამუშაო ძალის ჩამოყვანაზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებით, შეზღუდვა განაპირობა ჩინეთიდან 22 თებერვალს ჩამოსული ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლების განთავსებასთან დაკავშირებულმა შეკითხვებმა. დეპარტამენტის განცხადებით, შეზღუდვა გაგრძელდება, სანამ შესაბამისი სამსახურები არ დარწმუნდებიან, რომ კომპანიები სათანადოდ იცავენ დაავადების პრევენციისთვის საჭირო ყველა სტანდარტს და რეკომენდაციას.

23 თებერვალს მუშაობა შეწყვიტეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ საქასრიასთან, ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულებმა. ისინი აცხადებდნენ, რომ ჩინეთის ათამდე მოქალაქე ობიექტზე შეიყვანეს და ადგილზე კარანტინი ისე გამოაცხადეს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. გზის მშენებლებმა ახლადჩამოყვანილი ჩინელების ობიექტიდან გაყვანა მოითხოვეს. თავის მხრივ, სამშენებლო კომპანიამ განაცხადა, რომ სამშობლოდან დაბრუნებული შვიდი თანამშრომელი პრევენციის მიზნით მოათავსა სამშენებლო ტერიტორიაზე მდებარე ცალკე საცხოვრებელში. კომპანიის ინფორმაციით, ჩინეთის შვიდივე მოქალაქემ საქართველოს საზღვარზე გაიარა სავალდებულო სამედიცინო შემოწმება, რომელშიც ჩართული იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი და მიუხედავად იმისა, რომ არც ერთს ვირუსის არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება და არც ერთი არ არის ჩინეთის ქალაქ უჰანიდან, ისინი საკარანტინო პერიოდს იზოლირებულ შენობაში გაივლიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG