Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოკუპაციით სპეკულირება ბინძური პოლიტიკური სვლაა


"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე
"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაში სპეკულაცია უწოდეს „ევროპული საქართველოს“ განცხადებას, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გასაფართოებლად და თავის დროზე, სია მიიღო მხოლოდ საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად.

„თქვენ ალბათ, გახსოვთ, ჩვენი დამოკიდებულება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიმართ. როგორც კი ოპოზიციამ ნორმალური იდეა გაახმოვანა, იმ წუთას დავეთანხმეთ და არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, რომ ეს სია მიგვეღო. ჩვენი გუნდის განწყობა იყო, რომ ეს სია მიღებული ყოფილიყო, რაც გამოგვადგებოდა საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირებით, რომ რუსეთზე ზეწოლა ამ მიმართულებითაც გაძლიერებულიყო“, - უთხრა ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, სამთავრობო დადგენილებაში წერია, რომ სიაში ბრალდებული ან მსჯავრდებული პირები უნდა მოხვდნენ: „დღეს თუ ვინმე ამბობს, რომ ბრალდებული და მსჯავრდებული პირები არაფერ შუაშია, არ ახსენებენ საერთოდ ამ სტატუსს და ვიღაც არ მოხვდა სიაში, უბრალოდ, იტყუებიან, სპეკულირებენ. მსჯავრდებას და ბრალდებას სჭირდება გარკვეული სტანდარტი და ამ სტანდარტის კონკრეტულ შემთხვევებში არარსებობის გამო, მხოლოდ პოლიტიკურად შეგვიძლია მივუთითოთ ვინ არის დამნაშავე - დამნაშავე ზოგადად, რუსეთია, დამნაშავე ზოგადად, ოკუპანტია“.

მდინარაძის შეფასებით, ოკუპაციისა და საზარელი დანაშაულის ფონზე, რაც ე.წ. საზღვარზე, საოკუპაციო ზოლთან ხდება, ამ თემით სპეკულირება ერთ-ერთი ყველაზე ბინძური პოლიტიკური სვლაა. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ რუსეთის თემაზე საერთოდ არ უნდა ლაპარაკობდნენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნს აჟღერებენ და, თავის დროზე, ევროსაბჭოში მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომელიც ხელს მხოლოდ რუსეთს აძლევდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG